
სილიკონის ველის მეწარმემ, ჩად სტელბერგმა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე გადაწყვიტა, საკუთარი გამოცდილება თავდაცვის სექტორში გამოეყენებინა. Veritone-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა შექმნა ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რათა გაეანალიზებინა, თუ როგორ შეიძლებოდა ომის მიმდინარეობაზე გავლენის მოხდენა. შედეგად, მან დააარსა კომპანია Tiberius Aerospace, რომლის ღირებულებაც დღეს 1 მილიარდ დოლარს აღემატება.
სტელბერგი და მისი პარტნიორი, Apple-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ენდი ბეინსი, მიზნად ისახავენ ომში არსებული ჩიხის გარღვევას ტექნოლოგიური ინოვაციების მეშვეობით. მათი კომპანია Tiberius Aerospace-ი, რომელმაც ცოტა ხნის წინ 85 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა, ავითარებს Sceptre-ს სისტემას. ეს არის 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვი, რომელიც AI-ის დახმარებით დაიპროექტა და გამოირჩევა გაზრდილი რადიუსითა და ზებგერითი სიჩქარით.
კომპანიის მთავარი ინოვაციაა პლატფორმა GRAIL (Generative Real-Time Artificial Intelligence for Lethality), რომელიც იარაღის დიზაინის მუდმივ განახლებასა და მიწოდების ჯაჭვის ავტომატიზაციას უზრუნველყოფს. ბეინსის თქმით, ისინი იყენებენ Apple-ის მოდელს, სადაც წარმოება დეცენტრალიზებულია და გადატანილია მესამე მხარის კონტრაქტორებზე, რაც საშუალებას იძლევა, ინოვაციები ბაზარზე გაცილებით სწრაფად გამოვიდეს.
მიუხედავად იმისა, რომ სტელბერგი აღიარებს კომერციულ ინტერესს, ის ხაზს უსვამს, რომ მათი მიზანია დასავლური თავდაცვითი ინდუსტრიის მოდერნიზება და ისეთი ტექნოლოგიური უპირატესობის შექმნა, რომელსაც მოწინააღმდეგეები ვერ გაუწევენ კონკურენციას.
წყარო: wired.com






