
Craig Campbell-მა ზურგი აქცია ინვესტორთა ფულის ნაკადს, რომელიც AI-ისკენ მიედინებოდა, რათა შეექმნა... ვებსაიტი.
Campbell-ს ნამდვილად შეეძლო AI სტარტაპის დაწყება. ის Meta-ს ყოფილი ინჟინერი და გამოცდილი ტექნოლოგიური დამფუძნებელია, რომელმაც 2022 წელს თავისი წინა პროექტი (Shopify-ის ელექტრონული კომერციის ხელსაწყო) ზუსტად AI ბუმის დასაწყისში გაყიდა. „VC ინვესტორები ზურგზე მეცემოდნენ და მეუბნებოდნენ: დაიწყე სხვა რამე, ცარიელ ჩეკს გამოგიწერთო“, — იხსენებს ის. თუმცა მას სხვა იდეები ჰქონდა.
მან შექმნა პლატფორმა Past Maps, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს იხილონ კონკრეტული რეგიონის ისტორიული რუკები თანამედროვე რუკაზე გადაფარვით. რუკები საჯარო წყაროებიდანაა, მაგრამ მათი ერთმანეთთან დაკავშირების ხელსაწყოები თავად Campbell-მა შეიმუშავა თავისი ჰობისთვის — ლითონის ძებნისთვის, რათა ძველი ნაგებობების ადგილები ეპოვა. პროექტის Reddit-ზე გაზიარების შემდეგ ინტერესი იმდენად გაიზარდა, რომ წამოწყება ბიზნესად იქცა.
Past Maps-ის ტრაფიკი მესამე წელს თვეში 20,000-დან 300,000 აქტიურ მომხმარებელზე მეტამდე გაიზარდა. შემოსავალი საკმარისია მისთვის და მისი მეუღლისთვის, თუმცა Campbell აღნიშნავს: „იგივეს გამოვიმუშავებ, რასაც Facebook-ში საშუალო დონის (E4) ინჟინრად მუშაობისას. ეს არის ძველი სკოლის ინტერნეტი, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხლობს მცირე ნიშებში“.
პლატფორმის ძირითადი ტრაფიკი Google Search-ზე მოდის. SEO ოპტიმიზაციის წყალობით, საიტი მარტივად იძებნება ისტორიული ადგილებით დაინტერესებული პირებისთვის. შემოსავლის მისაღებად ის იყენებს არა რეკლამებს, არამედ სააბონენტო მოდელს (კვირაში $9 ან წელიწადში $52), რაც მას Google-ის მონოპოლიისგან იცავს.
მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმა ტრადიციულია, Campbell აქტიურად იყენებს AI-ს ბიზნესის სამართავად. მან დააინსტალირა ლოკალური LLM მოდელი, რომელიც მის Gmail-თან არის დაკავშირებული, ახდენს სპამის ფილტრაციას და მომხმარებელთა მხარდაჭერის წერილების დრაფტებს ამზადებს, რამაც ეს პროცესი დღეში 10 წუთამდე შეამცირა. ის ასევე იყენებს AI-ს ძველ რუკებზე ტექსტის ამოსაცნობად (OCR), თუმცა აღნიშნავს, რომ „ადამიანური კრეატიულობისა და ინტუიციის გარეშე ტექნოლოგია ვერ მუშაობს“.
Campbell-მა უარი თქვა ხელოვნური ინტელექტის ციებ-ცხელებაზე, მაგრამ შექმნა წარმატებული ონლაინ ბიზნესის რეცეპტი Claude Code-ისა და AI რეზიუმეების ეპოქაში. როდესაც იწყებ იმით, რაც გიყვარს, ქმნი სასარგებლო პროდუქტს და უზიარებ სხვებს, ეს საუკეთესო ფუნდამენტი აღმოჩნდება ხოლმე.
წყარო: theverge.com






