
კანადური AI startup Cohere გერმანულ Aleph Alpha-ს ყიდულობს, რათა ამერიკული მოთამაშეების მიერ დომინირებულ AI ბაზარზე კორპორაციებს სუვერენული ალტერნატივა შესთავაზოს. „Sovereign AI“ ნიშნავს სისტემებს, სადაც კომპანიები და მთავრობები სრულად აკონტროლებენ საკუთარ მონაცემებს და არ ატარებენ მათ აშშ-ის ტექნოლოგიური გიგანტების (მაგალითად, Microsoft ან Google) cloud ინფრასტრუქტურის გავლით.
როგორც დიდი ენობრივი მოდელების (LLM) შემქმნელები, ორივე კომპანია ცნობილია, თუმცა გლობალურად OpenAI-ს კვლავ ჩამორჩებიან. ეს არ არის თანაბარი ძალების გაერთიანება. Cohere, რომლის შეფასება ბოლოს 6.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ახალ კომპანიას უხელმძღვანელებს.
გარიგების მთავარი ფინანსური მხარდამჭერი გერმანული რითეილ კონგლომერატი Schwarz Group-ია. ის ახალ გაერთიანებას 500 მილიონი ევროს (დაახლოებით $600 მილიონი) ოდენობის სტრუქტურირებული დაფინანსებით დაეხმარება. სანაცვლოდ, Schwarz Group მოელის, რომ ახალი კომპანია გამოიყენებს STACKIT-ს — მის სუვერენულ cloud პლატფორმას.
კომპანიის დასაფინანსებლად Cohere ახალ Series E რაუნდს იზიდავს, სადაც Schwarz Group წამყვანი ინვესტორი იქნება. გერმანული გამოცემა Handelsblatt-ის თანახმად, გაერთიანებული კომპანიის ღირებულება 20 მილიარდი დოლარით განისაზღვრება. Cohere იმედოვნებს, რომ ახალი სუბიექტი მიიზიდავს იმ კორპორაციებს (ფინანსების, ენერგეტიკის, ჯანდაცვისა და სხვა სექტორებიდან), რომლებიც მაღალი კონფიდენციალურობის სტანდარტების მქონე AI-ს ეძებენ.
Aleph Alpha ქმნიდა სპეციალიზებულ ენობრივ მოდელებს ევროპული კორპორაციებისთვის. თუმცა, სტრატეგიულმა ცვლილებებმა და კომპანიის CEO-ს წასვლამ მათი პოზიციები დაასუსტა. მიუხედავად ამისა, მათი 250-კაციანი გუნდი და გამოცდილება მნიშვნელოვანი დამატებაა. „მათი ფოკუსი მცირე ენობრივ მოდელებზე ძალიან კარგად ავსებს ჩვენს მიდგომას, რომელიც ზოგადად დიდ ენობრივ მოდელებზეა ორიენტირებული,“ - აღნიშნა Cohere-ს CEO-მ, აიდან გომესმა.
კანადამ და გერმანიამ ახლახან წამოიწყეს Sovereign Technology Alliance, რათა შეამცირონ სტრატეგიული ტექნოლოგიური დამოკიდებულებები. Cohere გეგმავს გახდეს „კანადურ-გერმანული კომპანია“, თუმცა ეს სტატუსი შეიძლება შეიცვალოს, თუ კომპანია მომავალში საჯარო გახდება.
წყარო: techcrunch.com







