
ბეის არეალში (Bay Area) უძრავ ქონებაზე ფასეული ცოტა რამ თუ არის. სან-ფრანცისკოში სახლის საშუალო ფასი 2 მილიონ დოლარს აჭარბებს. თუმცა, არსებობს რაღაც, რაც სახლზე და, შესაძლოა, თავად ფულზე მეტადაც ფასობს: წილები Anthropic-სა ან OpenAI-ში.
გასულ კვირას, სან-ფრანცისკოს პრესტიჟულ უბანში მდებარე სახლი 2.9 მილიონ დოლარად ან Anthropic-ისა და OpenAI-ის ეკვივალენტური ღირებულების აქციებში გაიყიდა. რიელტორ რეიჩელ სუანის თქმით, ეს იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც Anthropic-ის თანამშრომლებს შეხვდა: „ამ ადამიანებს აქვთ უზარმაზარი ქაღალდის აქტივები, მაგრამ ყოველთვის არ გააჩნიათ ლიკვიდურობა სასურველი შესყიდვებისთვის“.
ეს შემთხვევა ერთადერთი არ არის. აპრილში საინვესტიციო ბანკირმა სთორმ დუნკანმა თავისი სახლი Anthropic-ის აქციებში გადაცვალა. მაისში კი ვიჯაი ჩათამ საკუთარი სახლი ჰილდსბურგში 2.5 მილიონ დოლარად, ან 2 მილიონი დოლარის ღირებულების Anthropic-ის აქციების სანაცვლოდ გამოიტანა გასაყიდად. „მინდა სახლი გავყიდო და ინვესტიცია Anthropic-ში ჩავდო. რატომ არ უნდა გავაერთიანო ეს ორი?“ — ამბობს ის.
ჩათა Anthropic-ის თანამშრომლებს 500,000 დოლარიან ფასდაკლებას სთავაზობს, რადგან მიაჩნია, რომ კომპანიის აქციების ღირებულება სხვა ნებისმიერ ინვესტიციაზე სწრაფად გაიზრდება. Anthropic-ის შეფასება გასულ წელს კოლოსალურად გაიზარდა და კომპანია IPO-სთვის ემზადება.
ხალხი აქტიურად ცდილობს OpenAI-სა და Anthropic-ის წილების შესყიდვას მეორად ბაზარზე, რამაც ტრანზაქციების ბუმი გამოიწვია. თუმცა, Anthropic-მა განაცხადა, რომ დირექტორთა საბჭოს თანხმობის გარეშე აქციების გაყიდვა არალეგიტიმურია. შესაძლებელია თუ არა თანამშრომელმა მიიღოს საბჭოს ნებართვა სახლის შესაძენად? შესაძლოა, თუმცა პროცედურულად ეს საკმაოდ რთულია.
უძრავი ქონების ექსპერტები ამას „ჭკვიანურ მარკეტინგულ ტრიუკს“ უწოდებენ, რადგან ესქროუ კომპანიებს არ შეუძლიათ არასაჯარო ფასიანი ქაღალდებით ოპერირება. მიუხედავად ამისა, სტრატეგია მუშაობს — ინტერესი და მედიის ყურადღება ამ უჩვეულო გარიგებების მიმართ უპრეცედენტოდ დიდია.
წყარო: wired.com





