„რა აბსურდია“: Github Copilot-ის ახალმა ტარიფებმა დეველოპერებში უკმაყოფილება გამოიწვია

Microsoft-ის Github Copilot-ის „ოქროს ხანა“, როგორც ჩანს, დასასრულს უახლოვდება — ყოველ შემთხვევაში, მცირე მოთამაშეებისთვის. კომპანია ყოველთვიური ფიქსირებული გადასახადიდან გადადის ტოკენების მოხმარებაზე დაფუძნებულ (token-based) ბილინგის სისტემაზე, რამაც შესაძლოა მომხმარებლების ხარჯები მკვეთრად გაზარდოს. მსხვილი ენტერპრაიზები ამას გაუძლებენ, თუმცა მცირე კომპანიები და ინდივიდუალური დეველოპერები ბიუჯეტის დაბალანსებაზე უკვე სერიოზულად ფიქრობენ.

ცვლილებები, რომლებიც ძალაში 1 ივნისიდან შედის, გულისხმობს, რომ მომხმარებლები გადაიხდიან არა ფიქსირებულ მინიმალურ ტარიფს, არამედ მუშაობის პროცესში დახარჯული ტოკენების მიხედვით. Reddit-სა და X-ზე დეველოპერები უკვე გამოხატავენ უკმაყოფილებას გაზრდილი ხარჯების გამო. ერთ-ერთი მომხმარებლის თქმით, მისი ყოველთვიური გადასახადი 29 დოლარიდან თითქმის 750 დოლარამდე გაიზრდება, ხოლო სხვამ გააზიარა სქრინშოტი, სადაც ჩანს, რომ ხარჯი 50-დან 3000 დოლარამდე გაიზარდა.

თუმცა, ზოგიერთი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ ასეთი მაღალი ხარჯები გამოწვეულია არარაციონალური გამოყენებით და ე.წ. „vibe coding“-ით, როდესაც დეველოპერები სისტემას გაუაზრებლად ტვირთავენ უამრავი მოთხოვნით. მათი თქმით, სწორი გამოყენების შემთხვევაში ტარიფი მცირე გუნდებისთვისაც კი სრულიად ხელმისაწვდომია.

ამასთანავე, ბევრი სვამს კითხვას, თუ რამდენად დიდ ზარალს განიცდიდა თავად Microsoft ძველი ბილინგის მოდელით, როდესაც სუბსიდირებას უწევდა მომხმარებლების მასშტაბურ აქტივობას. ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ მომხმარებლების დადანაშაულება უსამართლოა, რადგან თავად Microsoft ახალისებდა ჩატბოტის ინტენსიურ გამოყენებას, ახლა კი წესებს მოულოდნელად ცვლის.

წყარო: techcrunch.com