ოქროსა და ნავთობის მსგავსად, მალე AI ტოკენების ფიუჩერსებით ვაჭრობასაც შევძლებთ

მომავლის ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარი შესაძლოა LLM ტოკენები გახდეს — ფინანსური ჯგუფები კი უკვე აქტიურად მუშაობენ მათთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე.

Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთის შანხაის ფიუჩერსების ბირჟა (Shanghai Futures Exchange) ამჟამად AI ტოკენების დერივატივების ბაზარს აპროექტებს. პარალელურად, ისეთმა გიგანტებმა, როგორებიცაა CME Group და Intercontinental Exchange (NYSE-ის მფლობელი), განაცხადეს, რომ მუშაობენ ფიუჩერსულ კონტრაქტებზე GPU-ების იჯარისთვის.

GPU ბაზარი ჯერ კიდევ ყალიბდება, თუმცა მასზე მოთხოვნა მაღალია. AI Mining Co.-ის მონაცემებით, Nvidia H100 GPU-ების იჯარის საშუალო ფასი საათში $1.40-დან $4.27-მდე მერყეობს, ხოლო ახალი H200 მოდელების — $2.34-დან $5-მდე. თუმცა, თუ GPU-ების ბაზარი მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებულია, თავად ტოკენების — თანამედროვე AI მოდელების ფუნდამენტური სამშენებლო ბლოკების — გარშემო ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ მწირია.

დღეს მსხვილი AI კომპანიების ბიზნეს-ტარიფები სწორედ ტოკენებით იზომება: მაგალითად, OpenAI მომხმარებლებს GPT-5.5 API-ის გამოყენებისას ყოველ მილიონ input ტოკენზე $5-ს, ხოლო output ტოკენზე $30-ს სთხოვს. ღრუბლოვანი სერვისების პროვაიდერებიც, მაგალითად Amazon Bedrock, სულ უფრო ხშირად სთავაზობენ კლიენტებს ტოკენებზე დაფუძნებულ ანგარიშსწორებას.

ეს ძალისხმევა ემთხვევა AI ინფრასტრუქტურის უპრეცედენტო ბუმს. Cloud პროვაიდერები, კერძო საინვესტიციო ფონდები და ტექნოლოგიური გიგანტები ასეულობით მილიარდ დოლარს დებენ მონაცემთა ცენტრების მშენებლობაში. შანხაის ბირჟის ახალი დერივატივები კი კომპანიებს, ინვესტორებსა და დატა-ცენტრების ოპერატორებს მისცემს შესაძლებლობას, თავი დაიზღვიონ (hedge) გამოთვლითი სიმძლავრეების მზარდი ხარჯებისგან.

წყარო: techcrunch.com