
ამერიკულმა ენერგეტიკული ტექნოლოგიების კომპანია Itron-მა დაადასტურა, რომ აპრილის შუა რიცხვებში კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა და ჰაკერებმა მის ზოგიერთ სისტემაზე წვდომა მოიპოვეს.
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიისთვის (SEC) წარდგენილ ოფიციალურ დოკუმენტში კომპანიამ განაცხადა, რომ სისტემაში უცხო პირის შეღწევის შესახებ "ეცნობა". Itron-ს არ დაუკონკრეტებია, ვისგან მიიღო ეს ინფორმაცია, თუმცა დასძინა, რომ ჰაკერები სისტემიდან განდევნა და შიდა ქსელებში შემდგომი შეღწევის ნიშნები აღარ ფიქსირდება.
Itron-ს არ დაუკონკრეტებია კიბერთავდასხმის ტიპი, მაგალითად, იყო თუ არა გამოყენებული გამოსასყიდის მომთხოვნი პროგრამა (ransomware), ან დაუკავშირდნენ თუ არა ჰაკერები კომპანიას პირდაპირ. ასევე უცნობია, რა კონკრეტული გავლენა იქონია ინციდენტმა კომპანიის სისტემებზე.
კომპანიის განცხადებით, "მომხმარებლების მიერ ჰოსტირებულ სისტემებში" არაავტორიზებული წვდომა არ დაფიქსირებულა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შეღწევა, სავარაუდოდ, მხოლოდ მის შიდა IT ქსელით შემოიფარგლა. Itron-მა ინციდენტის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებსაც აცნობა.
ვაშინგტონის შტატში ბაზირებული კომპანია ენერგოქსელების, მათ შორის წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის მოხმარების მართვის ტექნოლოგიებს ქმნის. Itron ინტერნეტთან დაკავშირებული მრიცხველებით 110 მილიონზე მეტ საცხოვრებელ სახლსა და ბიზნესს ამარაგებს. კომპანიას ათასობით მომხმარებელი ჰყავს 100-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ქალაქები და მუნიციპალიტეტები.
Itron-მა აამოქმედა საგანგებო გეგმები და მონაცემთა სარეზერვო ასლები. ოპერაციები "ყველა არსებითი მიმართულებით" გრძელდება, თუმცა კომპანია აფრთხილებს ინვესტორებს, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი იურიდიული და მარეგულირებელი შეტყობინებების გაგზავნა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდა მონაცემთა გაჟონვას. კომპანიის წარმომადგენლებს დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებიათ.
წყარო: techcrunch.com







