
Quantinuum-მა გასულ წელს თითქმის 200 მილიონი დოლარი დაკარგა, 2026 წლის პირველ კვარტალში შემოსავლების შემცირება დააფიქსირა და აცხადებს, რომ მისი ტექნოლოგია შესაძლოა არასოდეს ამუშავდეს – თუმცა, ინვესტორები მაინც აქტიურად ცდილობენ კომპანიის აქციების შეძენას.
კვანტური კომპიუტერების მწარმოებელმა Nasdaq-ზე დაგეგმილ დებიუტამდე გაზარდა როგორც აქციების ფასი, ისე ემისია, რაც მოლოდინზე მაღალ მოთხოვნაზე მიუთითებს. კვანტური კომპიუტერები ახალი ტექნოლოგიაა, რომელიც გვპირდება ისეთი პრობლემების გადაჭრას, რასაც დღევანდელი მანქანები ვერ ახერხებენ – მედიკამენტების შექმნიდან დაწყებული, თავდაცვის სექტორით დამთავრებული. უამრავი startup, ისევე როგორც ტექნოლოგიური გიგანტები (მაგალითად, IBM და Google), ეჯიბრებიან ერთმანეთს საკმარისად ძლიერი კვანტური კომპიუტერის შესაქმნელად.
ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია. ბოლო პერიოდში ბევრმა ფირმამ ისარგებლა ტექნოლოგიური სექტორის მაღალი შეფასებებით და საჯარო ბაზარზე გავიდა კაპიტალის მოსაზიდად. აშშ-ში საჯაროდ მოვაჭრე კვანტური კომპიუტერული კომპანიების რაოდენობა წლის დასაწყისიდან გაორმაგდა. მთავრობის მხარდაჭერამ ინვესტორებს დამატებითი გარანტიები გაუჩინა. მაისში აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 2 მილიარდ დოლარს დააბანდებს ცხრა კვანტურ კომპანიაში, მათ შორის 100 მილიონ დოლარს Quantinuum-ში.
Quantinuum არის მეოთხე მსგავსი ფირმა, რომელიც წელს აშშ-ის ბირჟაზე გადის, თუმცა ის პირველია, ვინც უფრო მკაცრად რეგულირებადი ტრადიციული IPO პროცესი გაიარა. ამ დრომდე არცერთ ფირმას არ შეუქმნია კომერციულად მომგებიანი კვანტური კომპიუტერი და მათი წარმატების პერსპექტივა კვლავ გაურკვეველია. როგორც BTQ Technologies-ის ხელმძღვანელი ოლივიე რუსი აღნიშნავს: „კვანტურ სექტორში თქვენ ყიდულობთ არა მზა ბიზნესს, არამედ ალბათობას“.
წყარო: wired.com





