
ამერიკული მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები დასახელდნენ პოტენციურ სამიზნეებად, რადგან ირანს, ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე ომი თანამედროვე ეკონომიკის მამოძრავებელ ციფრულ ინფრასტრუქტურაზეც ვრცელდება.
ირანის სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა მედიამ ამ კვირაში გამოაქვეყნა იმ ამერიკული კომპანიების ოფისებისა და ინფრასტრუქტურის სია, რომელთაც ისრაელთან აქვთ კავშირი და რომელთა ტექნოლოგიაც სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენება. Al Jazeera-ს თანახმად, ამ კომპანიებს შორისაა Google, Microsoft, Palantir, IBM, Nvidia და Oracle.
ამ კომპანიებიდან ბევრი ფლობს რეგიონულ ოფისებს, cloud ინფრასტრუქტურას ან მონაცემთა ცენტრებს ყურის რეგიონში, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. არცერთ მათგანს ამ მოვლენასთან დაკავშირებით საჯარო განცხადება არ გაუკეთებია.
სია გამოაქვეყნა ნახევრად ოფიციალურმა, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) დაკავშირებულმა საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მა და თან დაურთო გაფრთხილება, რომ კონფლიქტის მასშტაბი შესაძლოა ტრადიციული სამხედრო სამიზნეების მიღმაც გაფართოვდეს.
„რადგან რეგიონული ომის მასშტაბები ინფრასტრუქტურულ ომში გადაიზარდა, ირანის ლეგიტიმური სამიზნეების არეალიც ფართოვდება“, - იუწყება Tasnim News Agency.
გასულ კვირას ირანული დრონების თავდასხმებმა დააზიანა Amazon Web Services-ის მონაცემთა ცენტრები არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინში, რამაც სერვისების შეფერხება გამოიწვია და რეგიონში ფიზიკური ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მოწყვლადობა გამოავლინა.
გაფრთხილებას წინ უძღოდა ირანული მედიის ცნობები თეირანში Bank Sepah-თან დაკავშირებულ ბანკის შენობაზე ისრაელის თავდასხმის შესახებ. ირანელმა მაღალჩინოსნებმა ეს ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმად შეაფასეს.
ირანული სახელმწიფო მედიის განცხადებით, ეს ინციდენტი ამართლებს პოტენციური სამიზნეების გაფართოებას, რათა მასში შევიდეს აშშ-ისა და ისრაელის ეკონომიკური და საბანკო ინტერესები მთელი რეგიონის მასშტაბით.
„ამ არალეგიტიმური და უჩვეულო ქმედებით მტერი გვაიძულებს, სამიზნეში ამოვიღოთ რეგიონში აშშ-სა და სიონისტურ რეჟიმთან დაკავშირებული ეკონომიკური ცენტრები და ბანკები“, - განაცხადა IRGC-ის მფლობელობაში არსებული Khatam al-Anbiya შტაბის სპიკერმა. მან სამოქალაქო პირებს მოუწოდა, ბანკებისგან ერთი კილომეტრის მოშორებით დარჩნენ.
ტექნოლოგიები ომში
ირანის მიერ დასახელებული ტექნოლოგიური კომპანიები სხვადასხვა ხარისხით დადანაშაულებულნი არიან ისრაელის არმიისთვის თავიანთი ტექნოლოგიების მიწოდებაში, თუმცა უმეტესობამ ეს ბრალდებები უარყო. Palantir-მა ღიად გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობა ისრაელთან, რათა „დაეხმაროს ქვეყნის საომარ ძალისხმევას“, მათ შორის „ომთან დაკავშირებული მისიების მხარდასაჭერად მოწინავე ტექნოლოგიების მიწოდებით“, - განუცხადა Bloomberg-ს Palantir-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯოშ ჰარისმა.
პოტენციური სამხედრო გამოყენების გარდა, დასახელებული კომპანიებიდან ბევრი რეგიონში ოპერირებს cloud პლატფორმებით, ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტებით და მონაცემთა სისტემებით, რომლებსაც რეგიონში მსხვილი ორგანიზაციები იყენებენ.
რადგან ომი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ციფრულ სისტემებზე, დაწყებული სატელიტური მონაცემებიდან დამთავრებული AI-ზე დაფუძნებული სადაზვერვო ანალიზით, ამ სისტემების უკან მდგომ ინფრასტრუქტურას მეტი სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება.
თუმცა cloud არ არის ერთადერთი ციფრული სისტემა, რომელიც კონფლიქტშია ჩათრეული. მთელი რეგიონის მასშტაბით გაიზარდა GPS სიგნალებზე მიმართული ელექტრონული ომის შემთხვევები, რაც აფერხებს თვითმფრინავების, გემებისა და სმარტფონების ყოველდღიური აპლიკაციების მიერ გამოყენებულ სანავიგაციო სისტემებს.
რეგიონში მოქმედმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა უკვე დაიწყეს თავიანთი ოპერაციების კორექტირება. მედიის ცნობით, აშშ-ის რამდენიმე ფირმამ, რომლებსაც ოფისები აქვთ ყურის რეგიონში, თანამშრომლებს სთხოვეს დისტანციურად მუშაობა ან მგზავრობის შეზღუდვა კონფლიქტის ესკალაციის გამო. ზოგიერთმა კომპანიამ ასევე აამოქმედა საგანგებო გეგმები დრონებით თავდასხმებისა და საჰაერო სივრცის დახურვის გამო ინფრასტრუქტურული შეფერხებების ფონზე.
წყარო: wired.com



