იაპონიაში რობოტები თქვენს სამუშაო ადგილებს კი არ იკავებენ, არამედ იმ ვაკანსიებს ავსებენ, რომლებიც არავის სურს

Physical AI ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ ტრენდად ყალიბდება. იაპონიისთვის ეს პროცესი უფრო აუცილებლობითაა განპირობებული, ვიდრე უბრალოდ ინოვაციის სურვილით. მუშახელის სიმცირისა და პროდუქტიულობის შენარჩუნების მიზნით, კომპანიები AI-ზე დაფუძნებულ რობოტებს ქარხნებში, საწყობებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში აქტიურად ნერგავენ.

იაპონიის მთავრობის მიზანია 2040 წლისთვის გლობალური Physical AI ბაზრის 30% დაიკავოს. 2022 წლის მონაცემებით, იაპონური მწარმოებლები ინდუსტრიული რობოტიკის გლობალური ბაზრის 70%-ს უკვე აკონტროლებენ.

მუშახელის დეფიციტით გამოწვეული ტრანსფორმაცია

Woven Capital-ის მმართველმა დირექტორმა, Ro Gupta-მ აღნიშნა, რომ იაპონიაში რობოტიზაციის დანერგვას შრომითი რესურსების ნაკლებობა, დემოგრაფიული პრობლემები და ტექნიკის სფეროში არსებული ძლიერი ინდუსტრიული გამოცდილება განაპირობებს. Salesforce Ventures-ის წარმომადგენლის, Sho Yamanaka-ს თქმით, ეს პროცესი უკვე აღარ არის უბრალოდ ეფექტურობის გაზრდის საკითხი — ეს ინდუსტრიული გადარჩენის საწინდარია. 2024 წელს ზედიზედ მეთოთხმეტედ დაფიქსირდა მოსახლეობის კლება, შესაბამისად, Physical AI ეროვნული მნიშვნელობის პრიორიტეტად იქცა.

ტექნიკური უპირატესობა და სისტემური გამოწვევები

იაპონია ტრადიციულად ლიდერობს რობოტიკის ფიზიკურ კომპონენტებში, როგორიცაა სენსორები და აქტუატორები. თუმცა, აშშ და ჩინეთი უფრო სწრაფად ავითარებენ სრულფასოვან (full-stack) სისტემებს, რომლებიც აპარატურას, პროგრამულ უზრუნველყოფასა და მონაცემებს აერთიანებს. სტარტაპ Mujin-ის CEO-ს, Issei Takino-ს განმარტებით, Physical AI-ში მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფა არ კმარა; აუცილებელია აპარატურის ფიზიკური მახასიათებლების სიღრმისეული ცოდნა და მართვის სპეციალიზებული ტექნოლოგიები. კომპანიები, როგორიცაა WHILL, იაპონური მექანიკის სიზუსტესა და ამერიკულ პროგრამულ ინოვაციებს აერთიანებენ მობილობის გლობალური გადაწყვეტილებების შესაქმნელად.

რეალური გამოყენება და ჰიბრიდული ეკოსისტემა

მთავრობამ 6.3 მილიარდი დოლარი გამოყო AI და რობოტიკის ინტეგრაციის მხარდასაჭერად. ინდუსტრიული ავტომატიზაცია ექსპერიმენტებიდან უკვე რეალურ დანერგვაზე გადავიდა. მაგალითად, SoftBank იყენებს Physical AI-ს, რომელიც აერთიანებს ხედვის მოდელებს რეალურ დროში მართვის სისტემებთან, რათა რობოტებმა რთული ამოცანები დამოუკიდებლად შეასრულონ. Terra Drone-ის CEO, Toru Tokushige ხაზს უსვამს AI-სა და საოპერაციო მონაცემების სინთეზის მნიშვნელობას ავტონომიურ სისტემებში.

ინდუსტრიაში გამარჯვებული მხოლოდ ერთი მოთამაშე არ იქნება. Toyota-ს, Mitsubishi-სა და Honda-ს მსგავსი გიგანტები მასშტაბებსა და სანდოობას უზრუნველყოფენ, ხოლო სტარტაპები პროგრამულ უზრუნველყოფასა და ინოვაციებზე არიან ფოკუსირებულნი. ეს ჰიბრიდული მოდელი ქმნის მძლავრ ეკოსისტემას, რომელიც გლობალურ კონკურენტუნარიანობას საგრძნობლად აძლიერებს.

წყარო: techcrunch.com