
გერმანიის მთავრობამ მიმდინარე წლის დასაწყისში ამბიციური გეგმა წარადგინა: 2030 წლისთვის ქვეყანაში მონაცემთა ცენტრების რაოდენობის გაორმაგება და ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელებისთვის საჭირო გამოთვლითი სიმძლავრეების ოთხჯერ გაზრდა. ინიციატივის მიზანია ევროპის დამოკიდებულების შემცირება აშშ-ზე და ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირება.
თუმცა, გერმანიის AI ამბიციები ქვეყნის კლიმატურ ვალდებულებებს ეჯახება. ევროკავშირის წევრი ქვეყნები 2030 წლისთვის სათბურის აირების ემისიების 55 პროცენტით შემცირებას გეგმავენ. 2023 წელს მიღებული ენერგოეფექტურობის აქტი მონაცემთა ახალ ცენტრებს ავალდებულებდა, გამოყოფილი სითბო მუნიციპალური გათბობის სისტემებისთვის გადაემუშავებინათ. ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ეს მოთხოვნა გააკრიტიკეს და მას მონაცემთა ცენტრების მშენებლობის შემაფერხებელი ფაქტორი უწოდეს.
შედეგად, გერმანიის მთავრობამ კანონმდებლობა შეარბილა. ახალი შესწორებით, ოპერატორებს სითბოს გადამუშავება აღარ მოეთხოვებათ, მხოლოდ მისი ტექნიკური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილება ინვესტორებისთვის ბაზარს უფრო მიმზიდველს ხდის, ექსპერტები აფრთხილებენ, რომ კლიმატური მიზნების უგულებელყოფამ შესაძლოა საზოგადოებრივი პროტესტი და მშენებლობების შეფერხება გამოიწვიოს, როგორც ეს აშშ-ში უკვე მოხდა.
წყარო: wired.com





