
მიმდინარე კვირის დასაწყისში, GPU Technology Conference (GTC) ღონისძიებაზე, რომელსაც AI-ის სუპერბოულსაც უწოდებენ, Nvidia-მ თავისი DLSS AI ტექნოლოგიის ახალი ვერსია დააანონსა. წინა ვერსიებისგან განსხვავებით, რომლებიც AI-ის ვიდეოთამაშებში კადრების სიხშირის (frame rate) გასაუმჯობესებლად იყენებდა, DLSS 5-ს უფრო ამბიციური მიზანი აქვს: გენერაციული AI-ის გამოყენება პერსონაჟების სახეების უფრო რეალისტურად და დეტალურად წარმოსაჩენად. დემონსტრაციას სოციალურ ქსელებში მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ბევრისთვის ეს ეფექტი მიუღებელი აღმოჩნდა და მას მორიგი AI უგემოვნობა უწოდეს.
DLSS (deep-learning super-sampling) არის ფუნქცია, რომელიც Nvidia-მ თავის ვიდეობარათებში 2018 წელს დანერგა. მისი მთავარი დანიშნულება თამაშის დაბალ რეზოლუციაში რენდერინგით და შემდეგ AI-ის გამოყენებით ხარისხის გაუმჯობესებით წარმადობის გაზრდა იყო. DLSS-ის უახლესი ვერსიები რეალურ კადრებს შორის AI-გენერირებულ კადრებს ამატებს. ეს ტექნიკა ნაკლებ გამოთვლით რესურსს მოითხოვს და უზრუნველყოფს უკეთეს წარმადობას PC-ის აპარატურის გადატვირთვის გარეშე, თანაც ისე, რომ ვიზუალური ხარისხი ნარჩუნდება. ამ ფუნქციის ჩართვა და გამორთვა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.
„ტექნიკური თვალსაზრისით, ეს საკმაოდ დიდი მიღწევაა“, - აღნიშნავს Kevin Bates, open source რეტრო სათამაშო კონსოლის, Arduboy-ს შემქმნელი და CEO. „მოველოდი, რომ მსგავს სერვისს cloud-ზე დაფუძნებული რენდერინგი უზრუნველყოფდა. ის ფაქტი, რომ ამის ერთ ვიდეობარათზე გაშვებას გეგმავენ, უბრალოდ დაუჯერებელია.“
თუმცა, DLSS 5-მა გენერაციული AI-ის რუბიკონი გადაკვეთა. ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ ინსტრუმენტი იყოს დეველოპერებისთვის, ის ვიზუალურ ცვლილებებს მათი თანხმობის გარეშე ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ თამაშებში ფუნქციის მართვა კვლავ შესაძლებელია, ტექნოლოგიამ დეველოპერებიც დააფიქრა.
Nvidia-მ ტექნოლოგიის დემო ისეთ თამაშებზე აჩვენა, როგორიცაა Capcom-ის Resident Evil Requiem, Ubisoft-ის Assassin's Creed და Bethesda-ს Starfield. კომპანიის განცხადებით, ეს გრაფიკის, ფოტორეალისტური დეტალებისა და განათების გაუმჯობესებას ემსახურება. დემოში სახეები გაცილებით დეტალური გახდა, თუმცა სოციალურ ქსელებში ტექნოლოგია გააკრიტიკეს პერსონაჟების გადამეტებული სექსუალიზაციის გამო და ეფექტი Instagram-ისა და Snapchat-ის ფილტრებს შეადარეს. გეიმერებმა ეს მიდგომა არ მოიწონეს.
ტექნოლოგიას რეალურ დროში მოულოდნელი არტეფაქტების შექმნის პრობლემაც აქვს, რაც ოფიციალურ დემო ვიდეოშიც კარგად ჩანს. მაგალითად, FIFA-ს სცენაში ბურთზე უცნაური არტეფაქტები ჩნდება. პერსონაჟების სახის ნაკვთები საგრძნობლად იცვლება, ვხედავთ უფრო დიდ თვალებს, სავსე ტუჩებსა და სრულიად განსხვავებულ ცხვირს.
„ეს საბაზისო დონეზე აუფასურებს არტისტის კრეატიულობასა და განზრახვას“, - ამბობს James Brady, ვიდეოთამაშების არტისტი და დიზაინერი, რომელსაც Call of Duty: Modern Warfare 3-ზე უმუშავია. „ეს ყველაფერი არღვევს პერსონაჟის თავდაპირველ დიზაინს და ზედაპირულად ზუსტად ისე მუშაობს, როგორც 'Snapchat ფილტრი'.“
მასშტაბური კრიტიკის შემდეგ, Nvidia-ს CEO-მ, Jensen Huang-მა განაცხადა, რომ გეიმერები „სრულიად ცდებიან“ DLSS-ის შეფასებისას. თუმცა, Capcom-ისა და Ubisoft-ის დეველოპერების თქმით, მათ არც კი იცოდნენ, როგორი იქნებოდა ტექნოლოგიის დემო და ეს სიახლე სხვებთან ერთად შეიტყვეს.
„ვფიქრობ, გეიმერების რეაქცია გასაგებია“, - აღნიშნავს Marwan Mahmoud, Incrypt-ის თამაშების დეველოპერი. „ზოგიერთი თამაში სათანადო ოპტიმიზაციის ნაცვლად, ზედმეტად დაეყრდნო ამ ტექნოლოგიებს. დეველოპერის პერსპექტივიდან, DLSS დამხმარე ინსტრუმენტად უფრო აღიქმება, ვიდრე ძირითად გადაწყვეტად.“
ბევრი ადამიანისა და დეველოპერისთვის მთავარი პრობლემა უნივერსალური მიდგომაა, რომელიც ვიზუალს სხვადასხვა ტიპის თამაშებში ერთნაირად ცვლის.
„არტისტს აქვს საკუთარი სტილი და მიმართულება, რასაც AI ხშირად არ სცემს პატივს“, - ამბობს Raúl Izquierdo, ინდი თამაშების დეველოპერი მექსიკიდან.
Bates ეთანხმება ამ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ყველა თამაშს არ სჭირდება ფოტორეალისტური გრაფიკა. იმავეს იმეორებს დეველოპერი Sterling Reames: „ადამიანებს უბრალოდ უკეთესი თამაშები სურთ.“
GTC-ზე Nvidia-მ დემო ყველაზე მძლავრ სამომხმარებლო ვიდეობარათებზე, ორ GeForce RTX 5090-ზე გაუშვა. ტექნოლოგიის მთავარი მიზანი რესურსების დაზოგვა და ძველ ტექნიკაზე შთამბეჭდავი გრაფიკის უზრუნველყოფა რომ ყოფილიყო, ის უფრო გამართლებული იქნებოდა.
„რა აზრი აქვს ამას, თუ სუსტ ტექნიკაზე არ გაუშვებ?“ - კითხულობს Izquierdo. „ეს რომ მაგალითად RTX 2080-ზე გაეკეთებინათ, სხვანაირად ვიფიქრებდი — რომ ეს გეიმერების გამოცდილების გასაუმჯობესებლადაა და არა მხოლოდ ვიდეობარათების გასაყიდად.“
საბოლოო ჯამში, Nvidia-ს დემო AI სივრცეში კომპანიის ძალაუფლების დემონსტრირება იყო.
„ამჟამად, ნათელია, რომ ამას აკეთებენ თავიანთი, როგორც AI კომპანიის, შესაძლებლობების სადემონსტრაციოდ“, - ამბობს Bates. „მაგრამ სიმართლე ისაა, რომ რამდენიმე წელიწადში ეს სტანდარტად იქცევა და ამაზე არც კი ვიფიქრებთ. ეს Jensen-ის სამყაროა, ჩვენ უბრალოდ მასში ვცხოვრობთ.“
წყარო: wired.com



