
აშშ-ის თავდაცვის კონტრაქტორის, L3Harris-ის ჰაკერული და სათვალთვალო ტექნოლოგიების განყოფილების ყოფილ ხელმძღვანელს, პიტერ უილიამსს, ყოფილი დამსაქმებლისთვის 10 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. უილიამსი ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ისტორიაში მოწინავე ჰაკერული ინსტრუმენტების გაჟონვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შემთხვევის ცენტრალური ფიგურაა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, უილიამსმა აღნიშნული თანხა კომპენსაციის სახით უნდა გადაიხადოს, იმ 1.3 მილიონი დოლარის გარდა, რომელიც მას L3Harris-ისთვის უკვე დაკისრებული ჰქონდა. 39 წლის ავსტრალიის მოქალაქე, რომელიც მანამდე ავსტრალიის დაზვერვის სააგენტოში მუშაობდა, გასულ წლამდე Trenchant-ის გენერალური მენეჯერი იყო. Trenchant წარმოადგენს L3Harris-ის განყოფილებას, რომელიც შეიმუშავებს მოწინავე ჯაშუშურ პროგრამებსა და ჰაკერულ ინსტრუმენტებს და მათ აშშ-ის მთავრობასა და Five Eyes-ის სადაზვერვო ალიანსს აწვდის.
გასულ წელს უილიამსი დააკავეს და ბრალად დასდეს Trenchant-იდან 7 კომერციული საიდუმლოს (სავარაუდოდ, კიბერ ექსპლოიტების) მოპარვა, რომლებიც მან შემდგომში რუსულ ფირმა Operation Zero-ს მიჰყიდა. ეს უკანასკნელი ჰაკერული ინსტრუმენტების ბროკერია და ექსკლუზიურად რუსეთის მთავრობასთან მუშაობს.
უილიამსმა დანაშაული აღიარა და 7 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კომერციული საიდუმლოებების გაყიდვით მან 1.3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც ფუფუნების საგნების შეძენასა და მოგზაურობებზე დახარჯა. Trenchant-ის განცხადებით, უილიამსის ქმედებებმა კომპანიას 35 მილიონ დოლარამდე ზარალი მიაყენა.
აშშ-ის პროკურატურის თქმით, უილიამსმა უღალატა აშშ-სა და მის მოკავშირეებს. Operation Zero-სთვის გადაცემული ინსტრუმენტების ნაწილი უკრაინაში რუსი ჯაშუშების, მოგვიანებით კი ჩინელი კიბერდამნაშავეების მიერ იქნა გამოყენებული, რაც Google-ის კიბერუსაფრთხოების კვლევებმაც დაადასტურა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ უილიამსი დანაშაულის დაბრალებას თავისი ერთ-ერთი თანამშრომლისთვის ცდილობდა.
წყარო: techcrunch.com







