Tata Electronics-მა, Apple-ისა და Tesla-ს მთავარმა მომწოდებელმა, მონაცემთა გაჟონვა დაადასტურა

ინდურმა ელექტრონიკისა და ნახევარგამტარების მწარმოებელმა კომპანიამ, Tata Electronics-მა, რომელიც Apple-ისა და Tesla-ს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია, მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევა დაადასტურა. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ჰაკერულ ფორუმებზე კომპანიის კუთვნილი ფაილები გავრცელდა.

ჰაკერების მტკიცებით, მათ ხელთ აქვთ 630 გბ-ზე მეტი მოცულობის მონაცემები, რომელიც 204 300-ზე მეტ ფაილს მოიცავს. TechCrunch-ის მიერ ნიმუშების ანალიზმა აჩვენა, რომ დოკუმენტები, სავარაუდოდ, Apple-ის სპეციფიკაციებსა და Tesla-ს საწარმოო მონაცემებს შეიცავს. კიბერუსაფრთხოების მკვლევარ რაჯშეხარ რაჯაჰარიას თქმით, გაჟონილი ინფორმაცია მოიცავს Outlook-ის ელექტრონულ მიმოწერებს, SAP-ის სისტემურ მონაცემებსა და კლიენტებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას.

Tata Electronics-ის სპიკერმა დაადასტურა, რომ კომპანიამ ინციდენტი „რამდენიმე კვირის წინ“ აღმოაჩინა და დაუყოვნებლივ გააქტიურა უსაფრთხოების პროტოკოლები. კომპანიის განცხადებით, ინციდენტს გავლენა არ მოუხდენია მათ ოპერაციულ საქმიანობაზე. თუმცა, Tata Electronics-მა უარი თქვა დეტალების გასაჯაროებაზე, მათ შორის იმის დაზუსტებაზე, თუ რა სახის მონაცემები დაზარალდა და მოხდა თუ არა კლიენტების ინფორმირება.

Reuters-ის ცნობით, Apple უკვე იკვლევს ინციდენტს, ხოლო Tata Electronics-მა თანამშრომლების ნაწილს უკვე აცნობა მომხდარის შესახებ. აღსანიშნავია, რომ Tata Group ბოლო პერიოდში გლობალური ტექნოლოგიური მიწოდების ჯაჭვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლად იქცა, განსაკუთრებით iPhone-ის წარმოებისა და ნახევარგამტარების სექტორში.

წყარო: techcrunch.com