
SpaceX-მა ინვესტორები გააფრთხილა, რომ ხელოვნური ინტელექტის ისეთი ფუნქციები, როგორიცაა Grok-ის „Spicy“ და „Unhinged“ რეჟიმები, კომპანიას შესაძლოა მარეგულირებლების მხრიდან მკაცრი სანქციებისა და რეპუტაციული ზიანის წინაშე დააყენოს. შესაბამისი განაცხადი კომპანიამ დაგეგმილი პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) ფარგლებში წარადგინა.
დეკემბრის მონაცემებით, SpaceX-მა 530 მილიონი აშშ დოლარი გამოყო პოტენციური სასამართლო დავების დანაკარგების დასაფარად, რომელთა ნაწილიც Grok-ის მიერ გენერირებულ შეუსაბამო კონტენტთან დაკავშირებულ საჩივრებს უკავშირდება. ეს რისკები კომპანიამ მას შემდეგ იკისრა, რაც თებერვალში ილონ მასკის AI სტარტაპი xAI შეიძინა. ამ გარიგებამ რაკეტების მწარმოებლის კერძო შეფასება 1 ტრილიონ დოლარამდე გაზარდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ Grok-ის სპეციფიკური რეჟიმები შექმნილია უფრო თამამი, პირდაპირი და ირონიული პასუხების მისაღებად. უსაფრთხოების მინიმალური ფილტრების გამო, ეს პროდუქტები ზრდის დეზინფორმაციის, ინტელექტუალური საკუთრების დარღვევისა და შეურაცხმყოფელი კონტენტის გავრცელების საფრთხეს. აშშ-სა და სხვა ქვეყნებში კომპანიის წინააღმდეგ უკვე მიმდინარეობს გამოძიებები Grok-ის არასათანადო გამოყენების გამო.
ფინანსური კუთხით, SpaceX-ის AI მიმართულება, რომელიც X-სა და xAI-ს მოიცავს, ჯერჯერობით ზარალიანია – გასულ წელს საოპერაციო ზარალმა 6.3 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ სარეკლამო და სააბონენტო შემოსავლები იზრდება, ზრდის ტემპი არ არის საკმარისი სწრაფი მოგების მისაღებად. თუმცა, მნიშვნელოვან პოზიტივად რჩება Anthropic-თან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მონაცემთა ცენტრებზე წვდომისთვის წელიწადში 15 მილიარდი დოლარის გადახდას ითვალისწინებს.
ამ დროისთვის X-სა და Grok-ს ერთად 550 მილიონი ყოველთვიური მომხმარებელი ჰყავთ, საიდანაც AI ფუნქციებს 117 მილიონი ადამიანი იყენებს. შედარებისთვის, OpenAI-ის ChatGPT-ს კვირაში 900 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. პოტენციურმა ინვესტორებმა IPO-მდე უნდა გადაწყვიტონ, უღირთ თუ არა Grok-ისგან მომდინარე რისკები ამხელა ფინანსურ თავისტკივილად.
წყარო: wired.com







