Porsche ელექტროველოსიპედების, ელემენტებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შვილობილ კომპანიებს ხურავს

გერმანულმა ავტომწარმოებელმა პარასკევს განაცხადა, რომ Porsche სამ შვილობილ კომპანიას ხურავს, რაც გაყიდვების კლებასა და მოგების შემცირებას უკავშირდება.

ყველაზე რეზონანსული, სავარაუდოდ, ელემენტების მწარმოებელი შვილობილი კომპანიის, Cellforce Group-ის დახურვაა. განყოფილებამ აგვისტოში უკვე გაიარა „რესტრუქტურიზაცია“, როდესაც კომპანიამ საკუთარი ელემენტების წარმოების გეგმებზე უარი თქვა და Cellforce კვლევისა და განვითარების ცენტრად აქცია. ახლა Porsche აცხადებს, რომ ირჩევს „ტექნოლოგიურად ღია ძალური აგრეგატების სტრატეგიას“, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია ელემენტებისთვის სხვა მწარმოებლებზე იქნება დამოკიდებული.

ასევე დაიხურება Porsche eBike Performance, რომელიც e-bike სისტემებს აწარმოებდა და Cetitec — პროგრამული უზრუნველყოფის (software) კომპანია, რომელიც Porsche-სა და Volkswagen Group-ს ემსახურებოდა. ამ გადაწყვეტილების შედეგად, სამივე კომპანიაში ჯამში 500-ზე მეტი თანამშრომელი დაკარგავს სამსახურს.

„ჩვენ უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება ჩვენს ძირითად ბიზნესზე,“ განაცხადა Porsche-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, Michael Leiters-მა. „ეს წარმატებული სტრატეგიული რესტრუქტურიზაციის აუცილებელი საფუძველია, რაც მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღებას გვაიძულებს.“

კომპანიამ ასევე მიატოვა სხვა წამოწყებებიც — მიმდინარე წლის აპრილში Porsche-მ გაყიდა თავისი წილები Bugatti Rimac-სა და Rimac Group-ში HOF Capital-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კონსორციუმზე.

EV ბაზრის გამოწვევები

მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს Porsche-ს ელექტრიფიკაციის მცდელობები Taycan-ით წარმატებულად დაიწყო, შემდგომი EV (ელექტრომობილების) მოდელების განვითარება შეფერხდა. Macan Electric-ის გამოსვლამ თითქმის ორი წლით გადაიწია, ძირითადად პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პრობლემების გამო.

მთლიანობაში, კომპანიამ მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა საკვანძო ბაზრებზე. პირველ კვარტალში ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდვები 11%-ით, ჩინეთში კი 21%-ით შემცირდა. Cellforce-ის დახურვა ზუსტად ასახავს Porsche-ს EV პროგრამის ბედის ცვლილებას, რომელიც თავდაპირველად უნიკალური ელემენტების წარმოებას ისახავდა მიზნად.

მიუხედავად შეფერხებებისა, Porsche კვლავ გეგმავს ახალი EV მოდელების გამოშვებას და მალე სრულად ჩაანაცვლებს ბენზინზე მომუშავე Macan-ს. წელს ასევე მოსალოდნელია სრულად ელექტრო Cayenne-ის და მისი რამდენიმე ვარიანტის ბაზარზე გამოსვლა.

წყარო: techcrunch.com