OpenAI-მ $50-მილიარდიანი Amazon-ის გარიგების გამო Microsoft-თან იურიდიული დავა აიცილა თავიდან

Microsoft-მა და OpenAI-მ კიდევ ერთხელ გადახედეს თავიანთი პარტნიორობის პირობებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ამას ChatGPT-ის შემქმნელის გამარჯვებად მიიჩნევს, ახალი შეთანხმებით ორივე მხარე მოგებული რჩება. მთავარი კი ისაა, რომ მოგვარდა იურიდიული პრობლემა, რომელიც OpenAI-სა და Amazon-ს შორის 50 მილიარდ დოლარიანი გარიგების გაფორმების შემდეგ წარმოიშვა.

ახალი კონტრაქტით, Microsoft-ს აღარ ექნება ექსკლუზიური წვდომა OpenAI-ის ყველა პროდუქტზე და ინტელექტუალურ საკუთრებაზე (IP) AGI-ის შექმნამდე. ამის ნაცვლად, ტექნოლოგიურმა გიგანტმა მოდელებსა და პროდუქტებზე 2032 წლამდე არაექსკლუზიური ლიცენზია მიიღო.

Microsoft კვლავ რჩება OpenAI-ის „მთავარ cloud პარტნიორად“ და მისი ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილი Azure-ზე იქნება ბაზირებული. თუმცა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ერთი დეტალი: OpenAI-ს უკვე შეუძლია თავისი პროდუქტები მომხმარებლებს ნებისმიერი cloud პროვაიდერის საშუალებით მიაწოდოს.

ეს ცვლილება ხსნის Microsoft-ის მხრიდან OpenAI-სთვის სასამართლოში ჩივილის რისკს. შეგახსენებთ, თებერვალში Amazon-მა OpenAI-ში 50 მილიარდამდე დოლარის ინვესტირება დააანონსა. ამის სანაცვლოდ, OpenAI დათანხმდა AWS Bedrock-ზე stateful runtime ტექნოლოგიის განვითარებას და AI აგენტების შესაქმნელი ინსტრუმენტის, Frontier-ის, ექსკლუზიურად AWS-ზე განთავსებას.

მაშინ Microsoft საჯაროდ ეწინააღმდეგებოდა ამ პირობებს და აცხადებდა, რომ Azure რჩებოდა OpenAI-ის API-ების ერთადერთ ექსკლუზიურ პროვაიდერად. თუმცა ახალი შეთანხმება AWS-სთან დაკავშირებულ იურიდიულ საფრთხეს აქრობს. Amazon-ის CEO-მ, Andy Jassy-მ უკვე დაადასტურა, რომ OpenAI-ის მოდელები AWS Bedrock-ზე უახლოეს კვირებში გახდება ხელმისაწვდომი.

გარიგება Microsoft-ისთვისაც მომგებიანია. კომპანია აღარ გადაუხდის OpenAI-ს შემოსავლის წილს, თუმცა თავად OpenAI 2030 წლამდე განაგრძობს Microsoft-ისთვის შემოსავლის განაწილებას (გარკვეული ლიმიტით). გარდა ამისა, Microsoft რჩება OpenAI-ის ერთ-ერთ უმსხვილეს აქციონერად და ფლობს კომპანიის დაახლოებით 27%-ს, შესაბამისად, ის OpenAI-ის ზრდით ფინანსურ სარგებელს ნებისმიერ შემთხვევაში იღებს, თუნდაც AWS-ზე განხორციელებული გაყიდვებიდან.

საბოლოო ჯამში, ყველაზე მეტად მოგებულები მსხვილი საწარმოები (enterprises) რჩებიან, რადგან მათ უკვე შეუძლიათ თავისუფლად აირჩიონ როგორც სასურველი AI მოდელები, ისე cloud ინფრასტრუქტურა.

წყარო: techcrunch.com