
Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა ბაზარს წლებით გაუსწრო, როდესაც 2010 წელს კომპანიას AI-სპეციფიკური ჩიპების შექმნისკენ უბიძგა. ანალოგიურმა სტრატეგიულმა ნაბიჯმა 2020 წელს — მონაცემთა ცენტრების ქსელურ ინფრასტრუქტურაზე ფოკუსირებამ და სტრატეგიულმა შენაძენმა, განაპირობა კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი და სწრაფად მზარდი განყოფილების შექმნა, თანაც ზედმეტი ხმაურის გარეშე.
სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში, Nvidia-ს ქსელური ბიზნესი, რომელიც მონაცემთა ცენტრების დასაკავშირებლად არის შექმნილი, კომპანიის შემოსავლების მეორე უმსხვილეს წყაროდ იქცა გამოთვლითი ტექნოლოგიების შემდეგ. ბოლო კვარტალში ამ მიმართულებამ 11 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოიტანა (267%-იანი წლიური ზრდა), ხოლო წლის ჭრილში 31 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.
AI პროცესორების ზრდით განპირობებული ეს განყოფილება მოიცავს ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა NVLink, Nvidia InfiniBand Switches, Spectrum-X და სხვა. ჯამში, Nvidia-ს ქსელური ბიზნესი აერთიანებს ყველაფერს, რაც აუცილებელია AI ფაბრიკის — მონაცემთა ცენტრის, რომელიც AI მოდელების ტრენინგისთვისაა განკუთვნილი — ასაშენებლად.
Zacks Investment Research-ის სტრატეგის, კევინ კუკის თქმით, ეს Nvidia-ს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სეგმენტია, რომლის კვარტალური შემოსავალი (11 მილიარდი დოლარი) აღემატება Cisco-ს ქსელური ბიზნესის კვარტალურ მაჩვენებლებს და თითქმის უტოლდება მათ წლიურ შემოსავალს. მიუხედავად ამისა, ეს მიმართულება არ იპყრობს იმდენ ყურადღებას, რამდენსაც კომპანიის ბევრად უფრო დიდი ჩიპების ბიზნესი ან გეიმინგის მიმართულება.
Nvidia-ს ქსელური ბიზნესის ისტორია 1999 წელს ისრაელში დაარსებული კომპანია Mellanox-ით იწყება, რომელიც Nvidia-მ 2020 წელს 7 მილიარდ დოლარად შეიძინა.
კევინ დეიერლინგი, Nvidia-ს ქსელური მიმართულების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, კომპანიას სწორედ Mellanox-ის შეძენის შემდეგ შეუერთდა. მისი თქმით, მონაცემთა ცენტრი გამოთვლითი ტექნოლოგიების ახალი ერთეულია და ქსელი უკვე აღარ არის მხოლოდ მონაცემების გადატანის საშუალება, არამედ ის ფუნდამენტური ბაზაა.
Zacks-ის ანალიტიკოსის, კუკის თქმით, ჰუანგმა 2020 წელს Mellanox-ის შეძენით დაინახა ის დაკარგული დეტალი, რომელიც GPU-ებს სრულყოფილ პაკეტად აქცევდა. Nvidia-ს წარმატების კიდევ ერთი ასპექტია ის, რომ კომპანია ტექნოლოგიას ყიდის როგორც სრულყოფილ, ინტეგრირებულ (full-stack) გადაწყვეტას პარტნიორების მეშვეობით და არა ცალკეული კომპონენტების სახით.
Nvidia-მ GTC ტექნოლოგიურ კონფერენციაზე ქსელური სისტემის მთელი რიგი სიახლეები წარადგინა. კომპანიამ ჩაუშვა Nvidia Rubin პლატფორმა, რომელიც AI სუპერკომპიუტერისთვის 6 ახალ ჩიპს მოიცავს. ასევე დაანონსდა ახალი Inference Context Memory Storage და უფრო ეფექტური Spectrum-X Ethernet Photonics სვიჩები. როგორც დეიერლინგი აღნიშნავს, დღესდღეობით ქსელი AI ფაბრიკის უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური ნაწილია.
წყარო: techcrunch.com



