
საიდუმლოს აღარ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ Nvidia უახლოეს დღეებში Computex-ზე Arm-ის არქიტექტურაზე დაფუძნებულ საკუთარ ლეპტოპის ჩიპებს წარადგენს. Microsoft, Nvidia და Arm-ი ამ სიახლეს სოციალურ ქსელებში უკვე ღიად აანონსებენ. Windows-ისა და Nvidia GeForce-ის ოფიციალურმა გვერდებმა X-ზე (ყოფილი Twitter) გამოაქვეყნეს პოსტი წარწერით: „პერსონალური კომპიუტერების ახალი ეპოქა“, რასაც მოგვიანებით იდენტური პოსტით Arm-იც შეუერთდა.
სამივე პოსტში მითითებული კოორდინატები ტაიპეიზე მიანიშნებს, სადაც Computex-ი ტარდება. Nvidia კვირა საღამოს გეგმავს სპეციალურ პრეზენტაციას, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, წარადგენს ახალ N1 და N1X ლეპტოპის პროცესორებს.
Nvidia-ს Arm-ზე მომუშავე პროცესორების შესახებ ხმები დიდი ხანია ვრცელდება. მიმდინარე წლის დასაწყისში გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ Lenovo და Dell აქტიურად ამზადებენ ახალ ლეპტოპებს სწორედ N1X ჩიპებზე. Dell-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ დელმა, ჯერ კიდევ 2024 წლის დასაწყისში გამართულ ინტერვიუში მიანიშნა Nvidia-ს ბაზაზე შექმნილი AI PC-ის შესაძლებლობაზე.
Nvidia-ს შესვლა Windows on Arm-ის ბაზარზე ნიშნავს, რომ Qualcomm-ს აღარ ექნება ექსკლუზიური ლიცენზია Microsoft-ის Windows 11 Arm ოპერაციულ სისტემაზე. ეს შესანიშნავი სიახლეა ბაზარზე კონკურენციის გასაზრდელად, მიუხედავად იმისა, რომ Qualcomm-ი ცდილობს შეინარჩუნოს ხელმისაწვდომი ფასები თავისი ახალი Snapdragon C პლატფორმით.
წყარო: theverge.com






