
Microsoft ტესტავს OpenClaw-ის მსგავსი ფუნქციების ინტეგრაციას არსებულ Microsoft 365 Copilot ინსტრუმენტში. ახალი ფუნქციები მიმართული იქნება კორპორატიულ კლიენტებზე და უზრუნველყოფს უსაფრთხოების უკეთეს კონტროლს, ვიდრე ღია კოდის მქონე OpenClaw აგენტი.
OpenClaw არის ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებლის კომპიუტერში ლოკალურად ეშვება და შეუძლია აგენტების შექმნა დავალებების ავტომატურად შესასრულებლად. თუ Microsoft საკუთარ ლოკალურ აგენტს შექმნის, ის შეუერთდება კომპანიის მიერ ბოლო თვეებში დაანონსებულ სხვა მსგავს AI ინსტრუმენტებს.
მარტში Microsoft-მა წარადგინა Copilot Cowork, რომელიც მოქმედებს Microsoft 365 აპლიკაციებში. ის იყენებს Work IQ ტექნოლოგიას და ინტეგრირებულია Anthropic-ის Claude მოდელთან. თუმცა, Cowork ლოკალურად არ მუშაობს და cloud ინფრასტრუქტურას იყენებს. თებერვალში ასევე დაანონსდა Copilot Tasks, რომელიც უფრო მეტად ყოველდღიური დავალებების მართვაზეა გათვლილი.
ჯერჯერობით უცნობია, ახალი აგენტი ლოკალური იქნება თუ უბრალოდ OpenClaw-ის პოპულარულ ფუნქციებს გადმოიღებს. Microsoft-ის განცხადებით, ინსტრუმენტის მთავარი მახასიათებელი იქნება 365 Copilot-ის ვერსია, რომელიც მუდმივად აქტიურია და შეუძლია მრავალეტაპიანი დავალებების დამოუკიდებლად შესრულება.
კომპანია ახალი პროდუქტის წარდგენას სავარაუდოდ ივნისში, Microsoft Build-ის კონფერენციაზე გეგმავს.
წყარო: techcrunch.com







