Microsoft და Chevron აშშ-ში ერთ-ერთ უმსხვილეს გაზზე მომუშავე მონაცემთა ცენტრს აშენებენ

Microsoft-მა და Chevron-მა გამოაცხადეს გეგმები დასავლეთ ტეხასში 2.67-გიგავატიანი ბუნებრივი აირის ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ, რომელიც ტექნოლოგიური გიგანტის AI და ქლაუდ სერვისების მონაცემთა ცენტრებს მოემსახურება.

20-წლიანი ხელშეკრულების ფარგლებში, სადგური ელექტროენერგიით უზრუნველყოფს Microsoft-ის მონაცემთა ცენტრს. ენერგიის გამომუშავებას ძირითადად GE Vernova-ს ორი დიდი ტურბინა უზრუნველყოფს, ხოლო დანარჩენ ნაწილს Caterpillar-ის შვილობილი კომპანია Solar Turbines მიაწვდის. Microsoft-ი ელექტროენერგიას აღნიშნული სადგურიდან ორი ათწლეულის განმავლობაში შეისყიდის.

Chevron-ის განცხადებით, ეს პროექტი აშშ-ში ბუნებრივი აირის ელექტროსადგურისა და მონაცემთა ცენტრის ერთობლივი განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინიციატივა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ Microsoft-ი ამ ნაბიჯს თვეების განმავლობაში ამზადებდა, ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა კომპანიისთვის, რომელიც აქტიურად საუბრობს მდგრადი განვითარების მიზნებზე. Microsoft-ს აღებული აქვს ვალდებულება, 2030 წლისთვის ნახშირბადის ემისიები ნულამდე დაიყვანოს, რაც ახალი ელექტროსადგურის ფონზე გაცილებით რთული შესასრულებელი იქნება.

Environmental Integrity Project-ის მონაცემებით, პროექტი, რომელიც ცნობილია როგორც „Project Kilby“, პოტენციურად 13 მილიონ ტონაზე მეტ ნახშირორჟანგს, 3,200 ტონა დამაბინძურებელ ნივთიერებას და 278,000 ფუნტამდე სახიფათო აირებს გამოყოფს.

წყარო: techcrunch.com