Meta-მ მილიონობით ტელეფონში სმარტ სათვალეებისთვის სახის ამომცნობი კოდი ფარულად ჩააშენა

WIRED-ის მიერ ჩატარებული პროგრამული უზრუნველყოფის ანალიზის თანახმად, Meta-მ თავისი სმარტ სათვალეებისთვის განკუთვნილი სახის ამოცნობის ტექნოლოგია ფარულად ჩააშენა აპლიკაციაში, რომელიც მილიონობით ტელეფონშია ჩამოტვირთული.

კოდი, რომელიც Meta AI აპლიკაციას მიმდინარე წლის განმავლობაში რამდენიმე განახლებისას დაემატა, აჩვენებს, რომ ფუნქცია სახელწოდებით „NameTag“ ახდენს სათვალის კამერით დაფიქსირებული ადამიანების იდენტიფიცირებას და აქტივაციის შემთხვევაში მომხმარებელს ატყობინებს, როცა ნაცნობ სახეს ამოიცნობს. Meta-მ ამ კოდის გავრცელება ჯერ კიდევ იანვარში დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ აცხადებდა, რომ ტექნოლოგიაზე მხოლოდ „ფიქრობდა“.

თუმცა ფუნქცია ჯერ არ არის გააქტიურებული, NameTag ინტეგრირებულია Meta AI-ის დამხმარე აპლიკაციაში, რომელიც აუცილებელია Ray-Ban და Oakley სმარტ სათვალეების მუშაობისთვის. გააქტიურების შემთხვევაში, სისტემა სახეებს უნიკალურ ბიომეტრიულ ხელმოწერებად (faceprints) გარდაქმნის და მათ მომხმარებლის ტელეფონში არსებულ მონაცემთა ბაზას შეადარებს.

ეს ნაბიჯი აღადგენს ტექნოლოგიას, რომელზეც Meta-მ 2021 წელს უარი თქვა უამრავი სკანდალისა და სასამართლო დავების შემდეგ, როდესაც კომპანიას $650 მილიონიანი და $1.4 მილიარდიანი ჯარიმების გადახდა მოუწია ბიომეტრიული მონაცემების უკანონო შეგროვების გამო. კონფიდენციალურობის დამცველები შიშობენ, რომ მსგავსი ტექნოლოგია მომხმარებლებს პოტენციურ სათვალთვალო აგენტებად აქცევს.

Meta-ს წარმომადგენლის, Ryan Daniels-ის თქმით, კომპანია უბრალოდ იკვლევს ამ შესაძლებლობებს და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის: „მომხმარებლებისთვის არაფერი გაგვიშვია. თუ გადავწყვეტთ ამ ფუნქციის ჩაშვებას, ამას სრული გამჭვირვალობით გავაკეთებთ და ჩვენ არ ვქმნით სახეების ცენტრალიზებულ ბაზას“.

მიუხედავად ამისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ტექნოლოგია თითქმის მზად არის გასაშვებად. კოდის ანალიზმა აჩვენა, რომ სისტემა უკვე ახერხებს სახეების აღმოჩენას, ამოჭრასა და ბიომეტრიულ კოდირებას უშუალოდ მომხმარებლის მოწყობილობაზე.

წყარო: wired.com