Kairos Power-მა Google-ისთვის ბირთვული რეაქტორის ასაშენებლად Samsung-ისგან 100 მილიონამდე დოლარი მიიღო

Kairos Power-მა Google-ისთვის 50-მეგავატიანი სადემონსტრაციო რეაქტორის ასაშენებლად საინჟინრო კომპანია Samsung C&T შეარჩია. პროექტის დასრულება 2030 წლისთვის იგეგმება.

გარიგების ფარგლებში, Samsung C&T განახორციელებს კაპიტალურ ინვესტიციას და უზრუნველყოფს საინჟინრო მომსახურებას, რაც ჯამში 100 მილიონ დოლარამდე ღირებულებისაა. Kairos-ის წარმომადგენლის თქმით, აქედან 70 მილიონი დოლარი პირდაპირი ინვესტიციაა.

Samsung C&T-ს მსოფლიოს მასშტაბით ათზე მეტი ბირთვული რეაქტორის მშენებლობის გამოცდილება აქვს. Kairos Power იმ სტარტაპების ტალღას მიეკუთვნება, რომლებიც AI მონაცემთა ცენტრების მიერ ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ვითარდებიან. Google-მა კომპანიასთან ხელშეკრულება 2024 წლის შემოდგომაზე გააფორმა, რაც 2035 წლისთვის ნახევარი გიგავატი ელექტროენერგიის გამომუშავებას ითვალისწინებს.

ამჟამად Kairos ტენესის შტატში ორ რეაქტორს აშენებს: Hermes 1, რომელიც დიზაინის დახვეწას ემსახურება, და Hermes 2, რომელიც პირველი კომერციული მასშტაბის რეაქტორი იქნება. Hermes 2-ის ექსპლუატაციაში გაშვება 2030 წლისთვის იგეგმება.

რეაქტორი გამოიყენებს ფტორიანი მარილებით გაგრილების ტექნოლოგიას და TRISO-ს ტიპის ბირთვულ საწვავს, რაც უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს უზრუნველყოფს და ავარიული სიტუაციების რისკს მინიმუმამდე ამცირებს. Samsung C&T-ის ჩართულობა სტარტაპს პროექტის დაჩქარებაში დაეხმარება.

წყარო: techcrunch.com