
Superhuman, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც წერის პროგრამული უზრუნველყოფის Grammarly-ის უკან დგას, ჯგუფური სარჩელის წინაშე აღმოჩნდა AI ინსტრუმენტის გამო. აღნიშნული ფუნქცია მომხმარებლებს რედაქტირების რჩევებს ისე სთავაზობდა, თითქოს ისინი ცნობილი ავტორებისა და აკადემიკოსებისგან მოდიოდა — მიუხედავად იმისა, რომ არცერთ მათგანს არ მიუცია თანხმობა პროდუქტში საკუთარი სახელის გამოყენებაზე.\n\nჯულია ანგვინი, ჯილდოს მფლობელი გამომძიებელი ჟურნალისტი და The Markup-ის დამფუძნებელი, სარჩელში ერთადერთი დასახელებული მოსარჩელეა. სარჩელი არ ითხოვს კონკრეტულ თანხას, მაგრამ ამტკიცებს, რომ მოსარჩელეთა კლასისთვის მიყენებული ზიანი 5 მილიონ დოლარს აღემატება. ის სტეფან კინგთან და ნილ დეგრას ტაისონთან ერთად ერთ-ერთი იყო იმ მრავალთა შორის, ვისაც Grammarly-ის “Expert Review” ინსტრუმენტი ვირტუალური რედაქტორის სახით იყენებდა.\n\nოთხშაბათს, ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქში შეტანილი ფედერალური სარჩელი აღნიშნავს, რომ ანგვინი საკუთარი და სხვების სახელით „აპროტესტებს Grammarly-ის მიერ ასობით ჟურნალისტის, ავტორის, მწერლისა და რედაქტორის სახელისა და იდენტობის მითვისებას Grammarly-ისა და მისი მფლობელის, Superhuman-ის მიერ მოგების მისაღებად.“\n\nსარჩელი იმ ფონზე შევიდა, როდესაც Superhuman-მა საზოგადოების მწვავე რეაქციის გამო უკვე გადაწყვიტა ამ ფუნქციის გაუქმება. „საგულდაგულო განხილვის შემდეგ გადავწყვიტეთ Expert Review-ს გამორთვა, რათა ფუნქცია მომხმარებლებისთვის უფრო სასარგებლო გავხადოთ, ექსპერტებს კი მივცეთ რეალური კონტროლი იმაზე, თუ როგორ სურთ თავიანთი თავის წარდგენა,“ - განუცხადა WIRED-ს აილიან განმა, Superhuman-ის პროდუქტების მართვის დირექტორმა. „ჩვენი მიზანი იყო მომხმარებლებს დავხმარებოდით ექსპერტების ცოდნის გამოყენებაში. მიღებული გამოხმაურების საფუძველზე, აშკარაა, რომ მიზანს ავცდით. ბოდიშს ვიხდით და მომავალში სხვანაირად ვიმოქმედებთ.“\n\nროგორც WIRED იუწყებოდა, გასულ წელს Superhuman-მა პლატფორმას დაუმატა AI-ზე დაფუძნებული ვიჯეტების ნაკრები. მიუხედავად იმისა, რომ დისკლეიმერი განმარტავდა, რომ ნახსენებ პირებს არ მიუღიათ მონაწილეობა ინსტრუმენტის შექმნაში, რომელიც large language model-ს იყენებდა, სხვადასხვა მწერლებმა, მათ შორის WIRED-ის ჟურნალისტებმა, უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ Grammarly იყენებდა მათ იდენტობას და AI აგენტების მეშვეობით მათ ნაშრომებს ამუშავებდა.\n\nანგვინის ადვოკატი პიტერ რომერ-ფრიდმანი აცხადებს, რომ ნიუ-იორკისა და კალიფორნიის კანონმდებლობა მკაფიოდ კრძალავს ადამიანის სახელისა და იდენტობის კომერციულ გამოყენებას მისი ნებართვის გარეშე. სარჩელში ნათქვამია, რომ ეს არის უკანონო ქმედება, განურჩევლად იმისა, ადამიანი ცნობილია თუ არა.\n\nელექტრონულ წერილში Superhuman-ის CEO-მ, შიშირ მეჰროტრამ აღნიშნა, რომ სარჩელის პრეტენზიები „უსაფუძვლოა და ისინი მას მტკიცედ დაიცავენ. მიუხედავად ამისა, ვმუშაობთ ახალ ვერსიაზე, რომელიც უფრო მეტ სარგებელს მოუტანს როგორც მომხმარებლებს, ისე ექსპერტებს.“\n\nანგვინის თქმით, იგი გაოცებული დარჩა, როდესაც გაიგო, რომ მისი იდენტობა ამგვარად იყო „კლონირებული“. მან ასევე დაიწუნა ის რჩევები, რომლებსაც მისი ციფრული ორეული გასცემდა და აღნიშნა, რომ ისინი ტექსტს ხშირად უფრო გაუგებარს ხდიდა.
წყარო: wired.com



