Google-ის წინააღმდეგ AI-ის წვრთნის გამო ახალი სასამართლო დავა დაიწყო

გამომცემლებისა და ავტორების ჯგუფმა Google-ის წინააღმდეგ კოლექტიური სარჩელი შეიტანა. ტექნოლოგიურ გიგანტს ბრალად ედება საავტორო უფლებებით დაცული ნაშრომების გამოყენება მისი AI პლატფორმის, Gemini-ის გასაწვრთნელად. მოსარჩელეთა შორის არიან ისეთი მსხვილი ორგანიზაციები, როგორებიცაა Hachette, Cengage, Elsevier და ავტორი სკოტ ტუროუ.

სარჩელის თანახმად, Google-მა განზრახ წაშალა ან შეცვალა საავტორო უფლებების შესახებ ინფორმაცია, რათა დაემალა ფაქტი, რომ Gemini-ის მოდელები „მოპარული მასალებით“ გაიწვრთნა. ეს დავა იმ მრავალრიცხოვან სამართლებრივ დაპირისპირებათა ნაწილია, რომლებიც გამომცემლებსა და AI კომპანიებს, მათ შორის Meta-ს, OpenAI-სა და Anthropic-ს შორის მიმდინარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ კალიფორნიის სასამართლომ ზოგიერთ შემთხვევაში AI კომპანიების სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და მათი ქმედება „სამართლიან გამოყენებად“ (fair use) შეაფასა, ნიუ-იორკის სასამართლოში შეტანილი ეს ახალი სარჩელი შესაძლოა განსხვავებულ პრეცედენტს ქმნიდეს. მოსარჩელეები ხაზს უსვამენ, რომ Google-მა ის ნაშრომები გამოიყენა, რომლებიც კომპანიისთვის მხოლოდ Google Books-ის საძიებო სისტემისთვის იყო მიწოდებული და არა AI-ის ტრენინგისთვის.

სარჩელში ასევე მოყვანილია Google-ის შიდა დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ საავტორო უფლებებით დაცული წიგნების AI-ის წვრთნისთვის გამოყენება კომპანიისთვის „უკიდურესად პრობლემურია“ და შესაძლოა ათობით მილიარდი დოლარის ჯარიმები გამოიწვიოს.

წყარო: techcrunch.com