
ხელოვნური ინტელექტის (AI) მონაცემთა ცენტრებისთვის ენერგიის უზრუნველყოფის რბოლამ ავტომობილების ინდუსტრიამდეც მიაღწია. მას შემდეგ, რაც Redwood Materials-მა და Ford-მა ენერგიის შენახვის სისტემების (ESS) მიმართულებით აქტივობა დაიწყეს, GM-მაც საკუთარი ამბიციური გეგმები წარადგინა.
GM-მა პარტნიორობა დაამყარა სტარტაპ Peak Energy-სთან, რათა შეიმუშაოს ნატრიუმ-იონური ბატარეების ახალი ქიმიური შემადგენლობა, რომელიც სპეციალურად ენერგოსისტემებისთვის იქნება ადაპტირებული. ჩინეთის გარეთ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ავტომწარმოებელი ნატრიუმ-იონური ელემენტების წარმოებას გეგმავს. ეს ტექნოლოგია ლითიუმ-იონურთან შედარებით უფრო იაფი, გამძლე და ნაკლებად აალებადია.
GM-ის წარმომადგენლების თქმით, ნატრიუმ-იონური ბატარეების უპირატესობა მათ სიმარტივეშია: მათ არ სჭირდებათ რთული გაგრილების ან ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, რაც საოპერაციო ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს. პირველი საცდელი წარმოება 2028 წლისთვის იგეგმება, თუმცა მანამდე კომპანია LG Energy Solution-თან თანამშრომლობით ლითიუმ-რკინის ფოსფატის (LFP) ბატარეებს მიაწვდის ბაზარს.
პარალელურად, GM აფართოებს თანამშრომლობას Redwood Materials-თან. კომპანია უკვე იყენებს მეორადი ბატარეებისგან შექმნილ სისტემებს საკუთარ ქარხნებში, რაც ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციასა და ხარჯების შემცირებას უწყობს ხელს. GM-ის სტრატეგიაა, მსგავსი ენერგოეფექტური გადაწყვეტილებები თავისი ყველა საწარმოო ობიექტისთვის დანერგოს.
წყარო: techcrunch.com






