
პარასკევს, Encyclopedia Britannica-მ და ლექსიკონების გამომცემელმა Merriam-Webster-მა OpenAI-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. როგორც Reuters იტყობინება, ისინი კომპანიას საავტორო უფლებებით დაცული კონტენტის AI-ს დასატრენინგებლად გამოყენებაში ადანაშაულებენ, რის შემდეგაც გენერირებული პასუხები მათ კონტენტთან „არსებითად მსგავსი“ იყო.
Britannica-ს განცხადებით, OpenAI-მ არაერთხელ დააკოპირა მათი კონტენტი ნებართვის გარეშე: „თავად GPT-4-მა „დაიმახსოვრა“ Britannica-ს საავტორო უფლებებით დაცული კონტენტის დიდი ნაწილი და მოთხოვნის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ნაწილების თითქმის სიტყვასიტყვით კოპიოებს გამოიმუშავებს. დამახსოვრებული მაგალითები წარმოადგენს არაავტორიზებულ ასლებს, რომლებიც [OpenAI]-მ თავისი მოდელების, მათ შორის GPT-4-ის დასატრენინგებლად გამოიყენა.“
სარჩელში ასევე მოყვანილია OpenAI-ს მოდელების პასუხებისა და Britannica-ს ტექსტების შედარებითი მაგალითები, სადაც მთლიანი პასაჟები სიტყვასიტყვით ემთხვევა ერთმანეთს. Britannica ასევე ამტკიცებს, რომ OpenAI მათ ვებ-ტრაფიკს „კანიბალიზაციას“ უკეთებს ისეთი პასუხების გენერირებით, რომლებიც „ანაცვლებს ან პირდაპირ კონკურენციას უწევს“ Britannica-ს კონტენტს, იმის ნაცვლად, რომ მომხმარებლები მათ ვებსაიტზე გადაამისამართოს, როგორც ამას ტრადიციული საძიებო სისტემა აკეთებს.
ეს არის გამომცემლების მიერ AI კომპანიების წინააღმდეგ საავტორო უფლებების დარღვევის გამო ბოლო წლებში დაწყებული სასამართლო დავების მზარდი სერიის უახლესი შემთხვევა. მსგავსი ბრალდებები წამოაყენა The New York Times-მა OpenAI-ს წინააღმდეგ მიმდინარე სარჩელში, სადაც AI კომპანიას საავტორო უფლებებით დაცული მასალების დიდი რაოდენობით კოპირებაში ადანაშაულებს. სექტემბერში, Anthropic-მა მოაგვარა ჯგუფური სარჩელი, რომელიც საავტორო უფლებებით დაცული წიგნების AI მოდელების დასატრენინგებლად გამოყენებას ეხებოდა, რამაც ავტორებისთვის 1.5 მილიარდი დოლარის გადახდა გამოიწვია.
წყარო: theverge.com



