
Elon Musk-ის სოციალურმა ქსელმა X-მა და რეკლამის დამკვეთთა მსოფლიო ფედერაციამ (WFA) მრავალწლიანი სამართლებრივი დავა დაასრულეს. ეს შეთანხმება აყენებს წერტილს Musk-ის მცდელობას, იურიდიულად დაეკისრებინა პასუხისმგებლობა იმ კომპანიებისთვის, რომლებმაც პლატფორმაზე სარეკლამო ბიუჯეტები შეამცირეს.
2024 წელს X-მა WFA-ს უჩივლა და მას „სისტემური უკანონო ბოიკოტის“ ორგანიზებაში დასდო ბრალი. დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2022 წელს Musk-ის მიერ პლატფორმის 44 მილიარდ დოლარად შეძენის შემდეგ, სარეკლამო შემოსავლები მკვეთრად შემცირდა. ბრალდებულ კომპანიებს შორის იყვნენ ისეთი გიგანტები, როგორებიცაა Mars, CVS Health, Shell და Lego. თავის მხრივ, რეკლამის დამკვეთები აცხადებდნენ, რომ ბრენდებს აქვთ სრული თავისუფლება, თავად გადაწყვიტონ, სად განათავსონ თავიანთი სარეკლამო ბიუჯეტი.
სასამართლომ სარჩელი თავდაპირველად უარყო, რადგან X-მა ვერ დაამტკიცა, რომ კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევით რაიმე ზიანი მიადგა. ერთობლივ განცხადებაში მხარეები აღნიშნავენ, რომ ეს შეთანხმება ორგანიზაციებს შორის ურთიერთობას „თავიდან აწყობს“.
კონფლიქტის მთავარი მიზეზი WFA-ს ინიციატივა GARM (Global Alliance for Responsible Media) იყო, რომელიც მიზნად ისახავდა ბრენდების დაცვას მავნე კონტენტის გვერდით რეკლამის გამოჩენისგან. Musk-ის მიერ კონტენტის მოდერაციის პოლიტიკის შეცვლის შემდეგ, ბრენდებს გაუჩნდათ შიში, რომ მათი რეკლამები შეუსაბამო მასალებთან ერთად გამოჩნდებოდა. შეთანხმების ფარგლებში, WFA-მ GARM-ის საქმიანობა შეწყვიტა და განაცხადა, რომ მსგავს ინიციატივას აღარ განაახლებს.
წყარო: techcrunch.com






