
Google DeepMind-ის AlphaFold-მა უკვე მოახდინა რევოლუცია პროტეინების კვლევაში. ახლა, პლატფორმის უნარი შექმნას უსაფრთხო და ეფექტური წამლები, კლინიკური ტესტირების ფაზაში გადადის.
Isomorphic Labs, ბრიტანული ბიოტექნოლოგიური startup-ი და Google DeepMind-ის სპინოფი, მალე დაიწყებს ნობელის პრემიის მფლობელი AI ტექნოლოგიით შექმნილი მედიკამენტების ადამიანებზე ტესტირებას. "ჩვენ კლინიკური კვლევებისთვის ვემზადებით," განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა Max Jaderberg-მა WIRED Health-ის კონფერენციაზე.
AlphaFold-ის ევოლუცია და ნობელის პრემია
Isomorphic Labs 2021 წელს დაარსდა Alphabet-ის შვილობილი კომპანიიდან. მისი მთავარი იარაღი DeepMind-ის AlphaFold პლატფორმაა, რომელიც პროტეინების რთულ სტრუქტურებს პროგნოზირებს. 2024 წელს გამოშვებულმა AlphaFold 3-მა მეცნიერების შესაძლებლობები კიდევ უფრო გააფართოვა, რადგან ის უკვე დნმ-ის, რნმ-ის და პროტეინებთან მათი ურთიერთქმედების მოდელირებას ახდენს.
ამ ტექნოლოგიურმა გარღვევამ Demis Hassabis-სა და John Jumper-ს 2024 წელს ნობელის პრემია მოუტანა ქიმიის დარგში. სისტემამ უკვე 200 მილიონზე მეტი პროტეინის სტრუქტურა გაშიფრა.
ახალი თაობის მედიკამენტები
მიმდინარე წელს Isomorphic Labs-მა კიდევ უფრო მძლავრი ინსტრუმენტი, წამლების დიზაინის საკუთარი ძრავი — IsoDDE წარმოადგინა, რომელიც კომპანიის განცხადებით, AlphaFold 3-ის სიზუსტეს აორმაგებს.
Startup-მა უკვე გააფორმა პარტნიორობა ფარმაცევტულ გიგანტებთან, როგორიცაა Eli Lilly და Novartis. Jaderberg-ის თქმით, AI-ით შექმნილი მოლეკულები იმდენად ეფექტურია, რომ მათი მიღება უფრო მცირე დოზებით იქნება შესაძლებელი, რაც გვერდით მოვლენებს მინიმუმამდე შეამცირებს.
გასულ წელს Isomorphic-მა პირველ დაფინანსების რაუნდში $600 მილიონი მოიზიდა. კომპანიის გლობალური და ამბიციური მისია ყველა დაავადების დამარცხებაა.
წყარო: wired.com







