
BCI (brain-computer interface) ტექნოლოგია, რომელიც ნერვულ სიგნალებს ადამიანის ტვინიდან კომპიუტერს გადასცემს, ოდესღაც სამეცნიერო ფანტასტიკა იყო, თუმცა დღეს ის ტექნოლოგიური ინდუსტრიის კონკურენტულ მიმართულებას წარმოადგენს. BCI-ის კომერციალიზაციაზე მომუშავე ერთ-ერთი კომპანიაა Neurable, რომელმაც ამ კვირაში განაცხადა, რომ საკუთარი „გონების წამკითხველი“ ტექნოლოგიის სამომხმარებლო wearable მოწყობილობებისთვის ლიცენზირებას იწყებს.
Neurable სპეციალიზდება „არაინვაზიურ“ BCI-ში და განსხვავდება ისეთი კომპანიებისგან, როგორიცაა ილონ მასკის Neuralink, რომელსაც ჩიპები უშუალოდ ადამიანის თავის ქალაში შეჰყავს. Neurable-ის პროდუქტი ტვინზე ქირურგიულ ჩარევას არ მოითხოვს.
ტექნოლოგია მუშაობს EEG სენსორებისა და სიგნალის დამუშავების კომბინაციით, რომელიც ასკანირებს მომხმარებლის ტვინის აქტივობას, აანალიზებს მას AI-ის დახმარებით და გვაწვდის ინფორმაციას ადამიანის კოგნიტურ მუშაობაზე.
დეკემბერში Neurable-მა Series A რაუნდში $35 მილიონი მოიზიდა, რასაც ტექნოლოგიის კომერციალიზაციის მასშტაბირებისთვის გამოიყენებს. კომპანიის მიზანია ტექნოლოგია ინტეგრირდეს სხვადასხვა ინდუსტრიის, მათ შორის ჯანდაცვის, პროდუქტიულობისა და გეიმინგის wearable მოწყობილობებში.
პარტნიორობა და მასშტაბირება
Neurable-ს უკვე აქვს პარტნიორობა HP Inc.-ის გეიმინგ ბრენდ HyperX-თან, რომელთან ერთადაც შექმნა ყურსასმენი გეიმერების ფოკუსისა და მუშაობის ოპტიმიზაციისთვის. ასევე, თანამშრომლობს iMotions-თან, რომელიც ადამიანის ქცევის კვლევაზე ორიენტირებული პროგრამული პლატფორმაა.
Neurable-ის CEO, Ramses Alcaide აღნიშნავს, რომ კომპანიამ დაამტკიცა თავისი ტექნოლოგიის ეფექტურობა და ახლა მისი მიზანია, ის ისეთივე უნივერსალური გახადოს, როგორც გულისცემის სენსორებია ჭკვიან საათებში.
მონაცემთა კონფიდენციალურობა
ტვინის მონაცემები ბევრად უფრო სენსიტიურია, ვიდრე გულისცემა. Alcaide-ის თქმით, Neurable იცავს HIPAA-ს სტანდარტებს, უზრუნველყოფს მონაცემების სრულ ანონიმურობასა და დაშიფრვას. AI მოდელების დასატრენინგებლად ტვინის ნერვული მონაცემების გამოყენება მხოლოდ მომხმარებლის პირდაპირი თანხმობით ხდება, კონკრეტული ექსპერიმენტების ფარგლებში.
ინდუსტრია ახლა „გარდამტეხ ეტაპზეა“, სადაც ნეირო-ტექნოლოგიებში უკვე არსებობს რეალური და მასშტაბირებადი ბიზნეს მოდელი.
წყარო: techcrunch.com







