
Glen Anderson-ი 2010 წლიდან კერძო კომპანიების აქციებით ვაჭრობს. დღეს ის საინვესტიციო ბანკ Rainmaker Securities-ის პრეზიდენტია და მეორადი ბაზრის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მომენტს აკვირდება, სადაც ახლა სამი მთავარი მოთამაშეა: Anthropic, OpenAI და SpaceX.
Anthropic-ის აქციებზე მოთხოვნა წარმოუდგენლად მაღალია. Anderson-ის თქმით, ეს ყველაზე დეფიციტური აქციაა მათ პლატფორმაზე, რადგან გამყიდველები უბრალოდ არ არიან. ამას ნაწილობრივ ხელი შეუწყო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტთან (DoD) საჯარო დაპირისპირებამ, რამაც კომპანია ერთგვარ გმირად აქცია და OpenAI-სგან კიდევ უფრო განასხვავა.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ინსტიტუციურ ინვესტორს ორივე AI გიგანტში სურს კაპიტალის განთავსება, მეორად ბაზარზე მომენტუმი მკვეთრად Anthropic-ისკენ იხრება. Bloomberg-ის მონაცემებით, ინვესტორებს Anthropic-ში 2 მილიარდი დოლარის ინვესტირება სურთ, მაშინ როცა 600 მილიონი დოლარის ღირებულების OpenAI-ის აქციები მყიდველს ვერ პოულობს. ამასთან, OpenAI-ის აქციები მეორად ბაზარზე დაახლოებით $765 მილიარდიანი შეფასებით ივაჭრება, რაც კომპანიის ბოლო, $852 მილიარდიან შეფასებაზე საგრძნობლად ნაკლებია.
ამ ფონზე სრულიად განსხვავებულად გამოიყურება SpaceX. Anderson-ის თქმით, ეს არის ერთ-ერთი იშვიათი კომპანია, რომელსაც 2022-2024 წლების ბაზრის მასშტაბური კორექცია საერთოდ არ შეხებია. მენეჯმენტი შეფასებებს კონსერვატიულად უდგებოდა და ყოველი რაუნდიდან მაქსიმუმის გამოწურვას არ ცდილობდა. შედეგად, ინვესტორებს, რომლებიც კომპანიაში 2015 წელს შევიდნენ, ახლა 100x მოგება აქვთ, კომპანიის ღირებულება კი დაგეგმილი IPO-ს წინ $1 ტრილიონს აღემატება.
SpaceX-მა IPO-სთვის განაცხადი უკვე შეიტანა და მიზნად 50-დან 75 მილიარდამდე დოლარის მოზიდვას ისახავს, რაც ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დებიუტი იქნება. ამ სიახლემ მეორად ბაზარზე მყიდველების ბუმი გამოიწვია, თუმცა აქციების მიწოდება სულ უფრო მცირდება, რადგან IPO-ს მოახლოებასთან ერთად არსებულ ინვესტორებს გაყიდვის მოტივაცია ეკარგებათ.
სწორედ აქ რთულდება სიტუაცია OpenAI-სა და Anthropic-ისთვის. ორივე კომპანია განიხილავს IPO-ს მიმდინარე წელს, მაგრამ SpaceX-ის მასშტაბური დებიუტი ბაზრიდან უზარმაზარ ლიკვიდურობას წაიღებს. „SpaceX დიდ ფულს შთანთქავს. IPO-ებისთვის გამოყოფილი კაპიტალი შეზღუდულია“, - აღნიშნავს Anderson-ი. ვინც პირველი შევა ბაზარზე, უპირატესობას მოიპოვებს, ხოლო მომდევნოებს ბევრად ნაკლები კაპიტალი და მეტი სკეპტიციზმი დახვდებათ.
წყარო: techcrunch.com







