Anthropic აცხადებს, რომ Claude Code-ის გამომწერებს OpenClaw-ის გამოყენებისთვის დამატებითი გადასახადი დაეკისრებათ

Claude Code-ის გამომწერებისთვის Anthropic-ის პროგრამირების ასისტენტის გამოყენება OpenClaw-თან და სხვა მესამე მხარის ინსტრუმენტებთან ერთად უფრო ძვირი გახდება.

Hacker News-ზე გავრცელებული ელფოსტის თანახმად, Anthropic-მა განაცხადა, რომ 4 აპრილიდან გამომწერები ვეღარ გამოიყენებენ Claude-ის გამოწერის ლიმიტებს მესამე მხარის ინსტრუმენტებისთვის, მათ შორის OpenClaw-სთვის. ამის ნაცვლად, მათ მოუწევთ დამატებითი მოხმარების საფასურის გადახდა pay-as-you-go მოდელის საშუალებით, რომელიც გამოწერისგან დამოუკიდებლად დაერიცხებათ.

კომპანიის განცხადებით, ეს პოლიტიკა ჯერ OpenClaw-ს ეხება, თუმცა მალე ყველა მესამე მხარის ინსტრუმენტზე გავრცელდება.

Anthropic-ის Claude Code-ის ხელმძღვანელმა, Boris Cherny-მ X-ზე დაწერა, რომ კომპანიის გამოწერები არ იყო გათვლილი ამ მესამე მხარის ინსტრუმენტების მოხმარების პატერნებზე და რომ Anthropic ცდილობს მიზანმიმართულად მართოს ზრდა, რათა მომხმარებლებს გრძელვადიანად და მდგრადად მოემსახუროს.

ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც OpenClaw-ის შემქმნელმა, Peter Steinberger-მა განაცხადა, რომ ის Anthropic-ის კონკურენტ OpenAI-ს შეუერთდა, ხოლო OpenClaw ღია კოდის (open source) პროექტად დარჩება OpenAI-ის მხარდაჭერით.

Steinberger-ის თქმით, ის და OpenClaw-ის საბჭოს წევრი Dave Morin შეეცადნენ Anthropic-თან ვითარების გარკვევას, მაგრამ მხოლოდ ფასების ზრდის ერთი კვირით გადავადება შეძლეს.

"საინტერესოა, როგორ ემთხვევა დრო: ჯერ პოპულარული ფუნქციები დააკოპირეს თავიანთ დახურულ სისტემაში, შემდეგ კი ღია კოდს გზა ჩაუკეტეს," - აღნიშნა Steinberger-მა.

თუმცა, Cherny ამტკიცებს, რომ Claude Code-ის გუნდის წევრები ღია კოდის დიდი გულშემატკივრები არიან და რომ ეს გადაწყვეტილება უფრო საინჟინრო შეზღუდვებს უკავშირდება. მან ასევე დასძინა, რომ Anthropic გამომწერებს თანხის სრულად დაბრუნებას სთავაზობს.

პარალელურად, OpenAI-მ ახლახან დახურა Sora-ს აპლიკაცია და ვიდეო გენერაციის მოდელები, რათა გამოეთავისუფლებინა გამოთვლითი რესურსები და ფოკუსირებულიყო პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებისა და ენტერპრაიზების მოზიდვაზე, რომლებიც სულ უფრო მეტად ეყრდნობიან ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა Claude Code.

წყარო: techcrunch.com