
Blackstone-ის მიერ მხარდაჭერილმა მონაცემთა ცენტრების ოპერატორმა AirTrunk-მა განაცხადა, რომ 2030 წლისთვის ინდოეთში 30 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ეს ნაბიჯი ემატება ტექნოლოგიური და ინფრასტრუქტურული ჯგუფების მზარდ ვალდებულებებს, რომლებიც ქვეყანაში გამოთვლითი სიმძლავრეების გაფართოებას ცდილობენ.
ავსტრალიური კომპანია გეგმავს ინდოეთში 5 გიგავატი (GW) სიმძლავრის ახალი მონაცემთა ცენტრების განვითარებას, რაც ქვეყნის ციფრული ინფრასტრუქტურის სექტორში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტიციაა. AirTrunk-ი ინდოეთის ბაზარზე მიმდინარე წლის დასაწყისში, Lumina CloudInfra-ს შეძენის გზით შევიდა.
AirTrunk-ის ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ინდოეთის, როგორც AI ინფრასტრუქტურის მიმზიდველი მიმართულების, მზარდ სტატუსს. Bernstein-ის კვლევის თანახმად, ქვეყანაში მონაცემთა ცენტრების სიმძლავრე მიმდინარე 1.5GW-დან 2030 წლისთვის, შესაძლოა, 8GW-მდე გაიზარდოს. ინდოეთის მთავრობამ უკვე გადადგა ნაბიჯები ინვესტიციების მოსაზიდად, მათ შორის საგადასახადო შეღავათები შესთავაზა უცხოურ cloud პროვაიდერებს.
კომპანიამ უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები. მაჰარაშტრას შტატის მთავრობასთან გაფორმდა განზრახვის ოქმი მიწის გამოყოფის შესახებ, სადაც იგეგმება 3GW სიმძლავრის მონაცემთა ცენტრის მშენებლობა, რომლის საინვესტიციო ღირებულება 21 მილიარდ დოლარს შეადგენს. AirTrunk-ს ასევე აქვს 600 მეგავატის (MW) სიმძლავრის პროექტები მუმბაიში, ჩენაისა და ჰაიდერაბადში.
AirTrunk-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, Robin Khuda-მ, პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ეს ინვესტიცია გააძლიერებს ინდოეთის პოზიციას, როგორც cloud ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური ჰაბის. თუმცა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მონაცემთა ცენტრების მასშტაბური ზრდა დიდ რესურსებს, განსაკუთრებით კი ელექტროენერგიასა და წყალს მოითხოვს, რაც შესაძლოა განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად იქცეს.
წყარო: techcrunch.com






