AI-ის რბოლა ევროპის ენერგოქსელებს დამატებითი სიმძლავრეების გამომუშავებას აიძულებს

ევროპის ქვეყნები AI-სთვის მონაცემთა ახალი ცენტრების ამოქმედებას ჩქარობენ, თუმცა მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად ენერგიის ტრანსპორტირება რჩება. ექსპერტების შეფასებით, ევროპას საკმარისი ენერგიის გამომუშავება შეუძლია, მაგრამ ქსელის ოპერატორებს მისი საჭირო ადგილამდე მისატანად შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ ჰყოფნით.

დიდ ბრიტანეთში გადამცემი ქსელის ოპერატორის, National Grid-ის განცხადებით, ჯამში 30 გიგავატი სიმძლავრის მოთხოვნის მქონე მონაცემთა ცენტრები ქსელთან მიერთებას ელოდებიან. ეს ბრიტანეთის პიკური მოხმარების ორ მესამედს უტოლდება. არსებული ინფრასტრუქტურა ამხელა მოცულობისთვის მზად არაა, რის გამოც Neara-ს მმართველი დირექტორის, Taco Engelaar-ის თქმით, ევროპის მასშტაბით არაერთი პროექტი უქმდება.

ახალი ელექტროგადამცემი ხაზების აშენება ძვირადღირებული და ხანგრძლივი პროცესია. ბრიტანეთის ენერგეტიკის მარეგულირებლის, Ofgem-ის სტრატეგიული დაგეგმარების დირექტორის მოადგილის, Jack Presley Abbott-ის განმარტებით, მასშტაბებიდან გამომდინარე, ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობას შესაძლოა 7-დან 14 წლამდე დასჭირდეს.

ტექნოლოგიური ოპტიმიზაცია და მოქნილობა

ინფრასტრუქტურული შეზღუდვების ფონზე, National Grid ინოვაციურ ტექნოლოგიებს ტესტავს. ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულება სენსორებზე დაფუძნებული Dynamic Line Rating (DLR) სისტემაა, რომელიც გადამცემ ხაზებში ენერგიის მოცულობას ადგილობრივი ამინდის მიხედვით არეგულირებს. ცივ და ქარიან ამინდში ხაზები ბუნებრივად გრილდება, რაც ქსელში მეტი ენერგიის უსაფრთხოდ გატარების შესაძლებლობას იძლევა.

ტრადიციული მონაცემთა ცენტრებისგან განსხვავებით, AI-ზე ფოკუსირებულ ობიექტებს მეტი მოქნილობა გააჩნიათ. National Grid Partners-ის პრეზიდენტის, Steve Smith-ის თქმით, თუ AI მონაცემთა ცენტრები შეძლებენ პიკური დატვირთვის დროს ენერგიის მოხმარების შეზღუდვას ან ადგილობრივ ბატარეებზე გადართვას, ისინი ქსელში ჩართვის ნებართვას გაცილებით სწრაფად მიიღებენ.

მიუხედავად ტექნოლოგიური მიღწევებისა, მხოლოდ არსებული ქსელების ოპტიმიზაცია საკმარისი არ იქნება. მომავალი 5 წლის განმავლობაში ენერგიის ნაკადის გაორმაგება ახალი ფიზიკური ინფრასტრუქტურის აშენებას მოითხოვს. პარალელურად კი, Ofgem მარეგულირებელ რეფორმებს ამზადებს, რათა ენერგოქსელში რეალური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტების ჩართვა დაჩქარდეს.

წყარო: wired.com