"AI Coachella": როგორ სწავლობენ სტენფორდის სტუდენტები სილიკონის ველის ელიტისგან

სანამ სამხრეთ კალიფორნიაში ცნობილი მუსიკალური ფესტივალი, Coachella მიმდინარეობდა, პალო-ალტოში, სტენფორდის უნივერსიტეტში "AI Coachella" იმართებოდა. კურსი CS 153 ამ სემესტრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამაა, სადაც პოპ-ვარსკვლავების ნაცვლად, Big Tech კომპანიების CEO-ები გამოდიან.

კურსს Andreessen Horowitz-ის ყოფილი პარტნიორი, ანჯნი მიდჰა და Apple-ის ქლაუდ სერვისების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, მაიკლ ებოტი უძღვებიან. სპიკერების სიაში შედიან: OpenAI-ის CEO სემ ოლტმენი, Nvidia-ს CEO ჯენსენ ჰუანგი, Microsoft-ის CEO სატია ნადელა და AMD-ის CEO ლიზა სუ. 500-ადგილიანი აუდიტორია მალევე შეივსო, ლექციებს კი ათასობით ადამიანი YouTube-ზე ადევნებს თვალს.

სტენფორდის ერთ-ერთი მთავარი მიმზიდველობა ყოველთვის იყო სილიკონის ველის ელიტასთან პირდაპირი წვდომა. თუმცა, CS 153-ის ფორმატმა გარკვეული კრიტიკაც დაიმსახურა. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ სტუდენტები დროს "ნამდვილ" ლექციებზე უნდა ატარებდნენ და არა venture capital ინვესტორების მიერ ორგანიზებულ ცოცხალ პოდკასტებზე.

მიდჰა კრიტიკას იუმორით შეხვდა და სტუდენტებისთვის სპეციალური მაისურებიც კი დაამზადა წარწერით: "გავიარე CS 153 და მივიღე მხოლოდ AI Coachella". მისი თქმით, ეს კურსის დეფექტი (bug) კი არა, მისი მთავარი მახასიათებელია (feature).

მაინც რას სწავლობენ სტენფორდის სტუდენტები ამ კურსზე? ლექციები ძირითადად მოწინავე AI სისტემებს ეთმობა. მიდჰა, რომელმაც ებოტთან ერთად ახალი ვენჩურული ფონდი, AMP დააარსა, სტუდენტებს უზიარებს ინსაიდერულ ინფორმაციას AI ინფრასტრუქტურაზე. მაგალითად, მან აჩვენა შიდა მონაცემები იმაზე, თუ როგორ იზრდება Nvidia H100 ჩიპების ფასი.

"მინდოდა ბავშვებისთვის ერთგვარი 'cheat code' მიმეცა. ვფიქრობ, ამ ცოდნას მხოლოდ VCs არ უნდა ინახავდნენ", - აღნიშნავს ის.

სტუდენტებისთვის ეს არის უნიკალური შანსი, დაუსვან კითხვები წარმატებულ ანტრეპრენერებს და გაიფართოვონ ნეთვორქინგი. თუმცა, ტექნოლოგიური თემების გარდა, მიდჰა ყურადღებას ამახვილებს პირად ცხოვრებასა და მენტალურ ჯანმრთელობაზეც. ის ხშირად უყვება სტუდენტებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სილიკონის ველის სტრესულ გარემოში პირადი ურთიერთობების შენარჩუნება.

ეპოქაში, როდესაც AI ხელსაწყოების დახმარებით სწავლა სულ უფრო მარტივი ხდება და კოლეჯის ტრადიციული განათლების ღირებულება ეჭვქვეშ დგება, ინდუსტრიის ლიდერებთან პირდაპირი წვდომა სტენფორდის მთავარ კონკურენტულ უპირატესობად რჩება.

წყარო: wired.com