
12 შტატის გენერალური პროკურორის კოალიციამ სარჩელი შეიტანა Paramount Skydance-ისა და Warner Bros. Discovery-ის (WBD) შერწყმის წინააღმდეგ. მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ აღნიშნული გარიგება საფრთხეს უქმნის კინოთეატრებს, საკაბელო ტელევიზიის დისტრიბუტორებსა და მაყურებელს.
კალიფორნიის გენერალური პროკურორის, რობ ბონტას ხელმძღვანელობით, კოალიცია ამტკიცებს, რომ შერწყმა არღვევს „კლეიტონის აქტს“ (Clayton Act), რომელიც კრძალავს ისეთ გარიგებებს, რაც კონკურენციას ამცირებს ან მონოპოლიის შექმნისკენ არის მიმართული. პროკურორთა განცხადებით, გარიგება უარყოფითად აისახება ფილმების დისტრიბუციასა და საკაბელო არხების ლიცენზირებაზე.
გარიგების შედეგად გაერთიანდება ორი მსხვილი კინოსტუდია და სტრიმინგ პლატფორმები — Paramount+ და HBO Max. ასევე, შეიქმნება სატელევიზიო ქსელების ერთ-ერთი უდიდესი პორტფელი, რომელიც მოიცავს CBS-ს, MTV-ს, CNN-სა და HBO-ს. შტატების მონაცემებით, გაერთიანებული კომპანია აშშ-ის კინოდისტრიბუციის ბაზრის 27%-ს, ბლოკბასტერების დისტრიბუციის 30%-ს და საკაბელო არხების ბაზრის 27%-ს გააკონტროლებს.
რობ ბონტას თქმით, კონსოლიდაცია არა მხოლოდ ფასების ზრდას, არამედ შემოქმედებითი შესაძლებლობების შემცირებას იწვევს. „ჩვენ ვიბრძვით თავისუფალი და სამართლიანი ბაზრისთვის“, — აღნიშნა მან. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გარიგება უკვე დაამტკიცა, სასამართლო დავა პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს.
წყარო: techcrunch.com






