
პირველ სასამართლო მოსმენაზე, სადაც AI tech startup-ი Anthropic ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებულ სანქციებს ასაჩივრებს, კომპანიამ მთავრობას სთხოვა დადასტურება, რომ მის წინააღმდეგ დამატებით ჯარიმებს არ გამოიყენებდნენ, თუმცა ეს არ მოხდა. იუსტიციის დეპარტამენტის ადვოკატმა, ჯეიმს ჰარლოუმ მოსამართლე რიტა ლინს განუცხადა, რომ ამ საკითხზე ვალდებულების ასაღებად მზად არ არის. სინამდვილეში, მთავრობა ემზადება გადადგას მორიგი ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიის ჩამოშორებას ფედერალურ სააგენტოებთან ბიზნესის კეთებისგან. თეთრი სახლის ინფორმირებული წყაროს თანახმად, პრეზიდენტი ტრამპი ამჟამად ამზადებს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მთავრობაში Anthropic-ის ინსტრუმენტების გამოყენებას ოფიციალურად აკრძალავს. სამშაბათის მოსმენა გამომდინარეობდა ერთ-ერთი იმ ორი ფედერალური სარჩელიდან, რომელიც Anthropic-მა ადმინისტრაციის წინააღმდეგ შეიტანა, სადაც აცხადებს, რომ მთავრობამ ის არაკონსტიტუციურად გამოაცხადა მიწოდების ჯაჭვის რისკად. კომპანიის მილიარდობით დოლარის შემოსავალი ახლა საფრთხის ქვეშაა. Anthropic ითხოვს სასამართლოს წინასწარ განჩინებას რისკის სტატუსის შეჩერებისა და ადმინისტრაციისთვის შემდგომი სადამსჯელო ზომების მიღების აკრძალვის შესახებ. თვეების განმავლობაში მიმდინარე დავა პენტაგონსა და Anthropic-ს შორის დაიწყო მას შემდეგ, რაც AI startup-მა უარი განაცხადა თავისი ტექნოლოგიების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების დაშვებაზე, რადგან შიშობს, რომ ეს შეიძლება მოიცავდეს მასობრივ მეთვალყურეობასა და რაკეტების გაშვებას ადამიანის ზედამხედველობის გარეშე. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ქმედება პოლიტიკური მტრების დასასჯელად კანონის ბოროტად გამოყენების ტენდენციის გაგრძელებაა. სანამ სასამართლო დავები არ მოგვარდება, ტექნოლოგიური ინდუსტრია პრაქტიკული დილემების წინაშე რჩება. პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიები, რომლებიც Anthropic-ის Claude ინსტრუმენტებს იყენებენ, ალტერნატივების ძიებაზე ფიქრობენ, ხოლო OpenAI და Google პენტაგონთან ახალ გარიგებებს დებენ Anthropic-ის ჩასანაცვლებლად. ექსპერტების აზრით, პენტაგონი მკაფიო სიგნალს უგზავნის ყველა სხვა AI კომპანიას: მთავრობასთან დაპირისპირება სერიოზული რისკების შემცველია.



