
აშშ-ის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები პოტენციურ სამიზნეებად დასახელდა, რადგან ირანს, ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის ომი უკვე თანამედროვე ეკონომიკის მამოძრავებელ ციფრულ ინფრასტრუქტურაზეც ვრცელდება. ირანის სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა მედიამ ამ კვირაში გამოაქვეყნა ისრაელთან დაკავშირებული აშშ-ის კომპანიების ოფისებისა და ინფრასტრუქტურის სია, რომელთა ტექნოლოგიებიც სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენება. Al Jazeera-ს თანახმად, ამ კომპანიებს შორისაა Google, Microsoft, Palantir, IBM, Nvidia და Oracle. ამ კომპანიებიდან ბევრი ფლობს რეგიონულ ოფისებს, cloud ინფრასტრუქტურას ან მონაცემთა ცენტრებს სპარსეთის ყურის ქვეყნებში, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. არცერთ მათგანს ამ მოვლენებთან დაკავშირებით საჯარო განცხადება არ გაუკეთებია. სია გამოაქვეყნა ნახევრად ოფიციალურმა, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) დაკავშირებულმა სააგენტომ Tasnim News Agency, იმ გაფრთხილებასთან ერთად, რომ კონფლიქტის მასშტაბები შესაძლოა ტრადიციულ სამხედრო სამიზნეებს გასცდეს. „რამდენადაც რეგიონული ომის მასშტაბები ინფრასტრუქტურულ ომში გადაიზრდება, ირანის ლეგიტიმური სამიზნეების არეალიც ფართოვდება“, - იუწყება Tasnim News Agency. გასულ კვირას, ირანული დრონების თავდასხმამ დააზიანა Amazon Web Services-ის მონაცემთა ცენტრები არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინში, რამაც სერვისების შეფერხება გამოიწვია და აჩვენა რეგიონში ფიზიკური ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის დაუცველობა. ეს გაფრთხილება მოჰყვა ირანულ ცნობებს თეირანში, Bank Sepah-თან დაკავშირებულ ბანკის შენობაზე ისრაელის თავდასხმის შესახებ. ირანელმა მაღალჩინოსნებმა ეს ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმად შეაფასეს. ირანის სახელმწიფო მედიის განცხადებით, ეს ინციდენტი ამართლებს პოტენციური სამიზნეების არეალის გაფართოებას ისე, რომ მასში მოექცეს აშშ-ისა და ისრაელის ეკონომიკური და საბანკო ინტერესები რეგიონში. „ამ არალეგიტიმური და უჩვეულო ქმედებით, მტერი გვაიძულებს მიზანში ამოვიღოთ ეკონომიკური ცენტრები და ბანკები, რომლებიც დაკავშირებულია აშშ-სა და სიონისტურ რეჟიმთან რეგიონში“, - განაცხადა IRGC-ის მფლობელობაში არსებული Khatam al-Anbiya Headquarters-ის სპიკერმა. მან გააფრთხილა სამოქალაქო პირები, რომ ბანკებისგან ერთი კილომეტრის მოშორებით დარჩნენ. ტექნოლოგიები ომში: ირანის მიერ ჩამოთვლილი ტექნოლოგიური კომპანიები დადანაშაულებულნი არიან თავიანთი ტექნოლოგიების ისრაელის სამხედროებისთვის სხვადასხვა მასშტაბით მიწოდებაში, თუმცა უმეტესობამ ეს ბრალდებები უარყო. Palantir-მა ღიად დაადასტურა ისრაელთან სტრატეგიული პარტნიორობა „ქვეყნის საომარი ძალისხმევის დასახმარებლად“, რაც მოიცავს „მოწინავე ტექნოლოგიების მიწოდებას ომთან დაკავშირებული მისიების მხარდასაჭერად“, - განუცხადა Palantir-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯოშ ჰარისმა Bloomberg-ს. პოტენციური სამხედრო გამოყენების მიღმა, დასახელებული კომპანიებიდან ბევრი ოპერირებს cloud პლატფორმებს, AI ინსტრუმენტებსა და მონაცემთა სისტემებს, რომლებსაც რეგიონის მსხვილი ორგანიზაციები იყენებენ. რადგან ომი სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული ციფრულ სისტემებზე, დაწყებული სატელიტური მონაცემებიდან AI-ზე დაფუძნებული სადაზვერვო ანალიზით დასრულებული, ამ სისტემების უკან მდგომ ინფრასტრუქტურას უფრო დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება. თუმცა cloud არ არის ერთადერთი ციფრული სისტემა, რომელიც კონფლიქტშია ჩათრეული. მთელ რეგიონში გაიზარდა ელექტრონული ომის შემთხვევები, რომლებიც მიზნად ისახავს GPS სიგნალების ჩახშობას, რაც აფერხებს თვითმფრინავების, გემებისა და სმარტფონების ყოველდღიური აპლიკაციების ნავიგაციის სისტემებს. რეგიონში მოქმედმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა უკვე დაიწყეს თავიანთი ოპერაციების კორექტირება. მედიის ცნობით, სპარსეთის ყურის ქვეყნებში ოფისების მქონე რამდენიმე ამერიკულმა ფირმამ კონფლიქტის ესკალაციის გამო თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობისკენ ან მოგზაურობის შეზღუდვისკენ მოუწოდა. ზოგიერთმა კომპანიამ ასევე გაააქტიურა საგანგებო გეგმები ინფრასტრუქტურის შეფერხების, დრონების თავდასხმებისა და საჰაერო სივრცის დახურვის შემდეგ.



