წყაროები: Anthropic-მა შესაძლოა $50 მილიარდი მოიზიდოს $900 მილიარდიანი შეფასებით

Anthropic-ის მიმართ ინვესტორების ინტერესმა პიკს მიაღწია.

Claude AI ასისტენტის შემქმნელმა მიიღო რამდენიმე წინასწარი შეთავაზება დაახლოებით $50 მილიარდის ახალი კაპიტალის მოსაზიდად, სადაც კომპანიის შეფასება $850-დან $900 მილიარდამდე მერყეობს. Bloomberg-ისა და Business Insider-ის ინფორმაციით, წინა შეთავაზებები $800 მილიარდიან შეფასებას გულისხმობდა, თუმცა მაშინ კომპანია დაფინანსების ახალი რაუნდისთვის მზად არ იყო.

წყაროების თქმით, Anthropic-ს უჭირს წინააღმდეგობა გაუწიოს დამატებითი დაფინანსების მოზიდვის ზეწოლას, რაც შესაძლოა იყოს ბოლო კერძო რაუნდი პოტენციურ IPO-მდე. კომპანია საბოლოო გადაწყვეტილებას შეფასებასა და რაუნდზე მაისის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მიიღებს.

მოსალოდნელია, რომ რაუნდის საერთო მოცულობა $40-დან $50 მილიარდამდე იქნება, თუმცა კომპანიის სწრაფი და შეუფერხებელი ზრდის ფონზე ინვესტორთა მოთხოვნა ბევრად მაღალია. ერთ-ერთმა ინსტიტუციურმა ინვესტორმა, რომელიც მზად არის $5 მილიარდი დააბანდოს, ჯერ კიდევ ვერ მოახერხა Anthropic-ის CFO-სთან, Krishna Rao-სთან შეხვედრა.

ამ თვეში Anthropic-მა განაცხადა, რომ მისი წლიური შემოსავლის მაჩვენებელმა (run rate) $30 მილიარდს გადააჭარბა, რაც 2025 წლის ბოლოს დაფიქსირებულ $9 მილიარდთან შედარებით დრამატული ზრდაა. ფინანსური წყაროების თანახმად, ეს მაჩვენებელი ახლა უფრო $40 მილიარდთანაა ახლოს. თავად კომპანიამ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

შემოსავლის დიდი ნაწილი Anthropic-ის AI პროგრამირების შესაძლებლობებზე, კონკრეტულად კი Claude Code და Cowork პლატფორმებზე მოდის. ინვესტორების აზრით, კომპანია ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა და უზარმაზარი პოტენციალი აქვს ახალ ინდუსტრიებში, მათ შორის ფინანსებსა და ჯანდაცვაში გაფართოების კუთხით.

თებერვალში გამართულ წინა რაუნდზე Anthropic $380 მილიარდად შეფასდა. თუ კომპანია ახალ შეთავაზებებს დათანხმდება, ის არამხოლოდ გააორმაგებს თავის შეფასებას, არამედ გადააჭარბებს მთავარ კონკურენტს. შეგახსენებთ, რომ თებერვალში OpenAI-მ სარეკორდო, $122 მილიარდიანი რაუნდი დახურა, რითაც მისი შეფასება $852 მილიარდამდე გაიზარდა.

წყარო: techcrunch.com