ტელემედიცინის გიგანტი Hims & Hers აცხადებს, რომ მისი მომხმარებელთა მხარდაჭერის სისტემა გატეხეს

ტელემედიცინის კომპანიამ Hims & Hers, რომელიც წონის კლების პრეპარატებსა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მედიკამენტებს ყიდის, დაადასტურა მონაცემთა დარღვევა, რომელმაც მისი მომხმარებელთა მომსახურების პლატფორმა დააზარალა.

კომპანიის განცხადებით, ჰაკერებმა მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდისთვის გაგზავნილი მოთხოვნების მონაცემები მოიპარეს. კიბერშეტევა 4-დან 7 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა, რა დროსაც თავდამსხმელებმა შეაღწიეს მესამე მხარის სისტემაში და მოიპოვეს მომხმარებლების მიერ გაგზავნილი პერსონალური ინფორმაცია.

მოპარული მონაცემები მოიცავს მომხმარებელთა სახელებს, საკონტაქტო და სხვა დაუზუსტებელ პერსონალურ ინფორმაციას. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მტკიცებით, სამედიცინო ჩანაწერები არ დაზარალებულა, მომხმარებელთა მხარდაჭერის სისტემები ხშირად შეიცავს სენსიტიურ დეტალებს მომხმარებლის ანგარიშისა და ჯანმრთელობის შესახებ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენმა ადამიანმა განიცადა ზარალი ამ კიბერშეტევის შედეგად. თუმცა, კალიფორნიის კანონმდებლობის თანახმად, კომპანიები ვალდებულნი არიან განაცხადონ ინციდენტის შესახებ, თუ ის შტატის 500 ან მეტ რეზიდენტს ეხება.

Hims & Hers-ის პრესსპიკერის, ჯეიკ მარტინის განცხადებით, კომპანია სოციალური ინჟინერიის (social engineering) შეტევის მსხვერპლი გახდა, რომლის დროსაც ჰაკერებმა თანამშრომლები მოატყუეს სისტემებზე წვდომის მოსაპოვებლად. ბოლო თვეებში მსგავსი სისტემები ფინანსურად მოტივირებული ჰაკერებისთვის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცა. გასულ წელს მსგავსი კიბერშეტევა Discord-მაც განიცადა.

წყარო: techcrunch.com