რატომ მიიწვია ვატიკანმა Anthropic-ის თანადამფუძნებელი რომის პაპის ენციკლიკის პრეზენტაციაზე

როდესაც რომის პაპმა ლეო XIV-მ ვატიკანში ხელოვნური ინტელექტის შესახებ თავისი პირველი ენციკლიკა წარადგინა, მან სიტყვით გამოსასვლელად Anthropic-ის თანადამფუძნებელი, კრისტოფერ ოლა მიიწვია. ამ ნაბიჯმა კათოლიკურ ეკლესიასა და სილიკონის ველს შორის უპრეცედენტო ალიანსს გაუსვა ხაზი. ამ პარტნიორობის არსის გასაგებად, Anthropic-ის დაარსების ისტორიას უნდა შევხედოთ.

რატომ Anthropic?

Anthropic 2021 წელს დაარსდა OpenAI-დან წამოსული მკვლევრების მიერ, რომელთაც მიაჩნდათ, რომ AI მოდელები ზედმეტად ძლიერი ხდებოდა იმისთვის, რომ მათი განვითარება მხოლოდ კონკურენციისა და სისწრაფის პრინციპით მომხდარიყო. კომპანიამ საკუთარი იმიჯი AI უსაფრთხოების გარშემო ააგო. მათ შეიმუშავეს „კონსტიტუციური AI“-ს (Constitutional AI) კონცეფცია — სისტემების წვრთნა არა მხოლოდ შეცდომების ხელით შესწორებით, არამედ ეთიკური პრინციპებისა და წესებისგან შემდგარი ერთგვარი კონსტიტუციით.

ვატიკანის ინტერესი

კრისტოფერ ოლას სტუმრობა შემთხვევითი არ ყოფილა. ვატიკანი წლებია ცდილობს ტექნოლოგიების მორალური დამკვირვებლიდან AI ინდუსტრიის აქტიურ თანამოსაუბრედ იქცეს. ეს პროცესი 2020 წელს „Rome Call for AI Ethics“-ით დაიწყო, სადაც Microsoft და IBM მონაწილეობდნენ. ChatGPT-ის ბუმმა და ტექნოლოგიურმა მეტოქეობამ წმინდა საყდარი დაარწმუნა, რომ საკითხი მხოლოდ ეთიკას კი არა, კაცობრიობის მომავალს ეხება.

სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, რომლებიც აქცენტს ინოვაციებსა და ზრდაზე აკეთებენ, Anthropic-მა უსაფრთხოება თავის იდენტობად აქცია. კრისტოფერ ოლა კი მოდელების ინტერპრეტაციაზე — ანუ იმაზე მუშაობს, რომ ნეირონული ქსელების მუშაობის პრინციპი ადამიანისთვის გასაგები გახდეს. ეს იდეალურად ემთხვევა პაპის შეშფოთებას იმ ტექნოლოგიების შექმნაზე, რომელთა მართვა და კონტროლიც შეუძლებელია.

რეპუტაცია და პროდუქტი

ამ კავშირს Anthropic-ისთვის უდიდესი რეპუტაციული ღირებულება აქვს. ეპოქაში, როდესაც AI ეროვნულ უსაფრთხოებასა და შრომის ბაზარზე ახდენს გავლენას, „ეთიკური AI კომპანიის“ იმიჯი მნიშვნელოვანი უპირატესობაა. Anthropic-ის ჩატბოტი Claude სწორედ მომხმარებელთან ნდობისა და ეთიკური კონსტიტუციის გარშემოა აშენებული.

„21-ე საუკუნის ჰიროსიმა“

პაპის ენციკლიკაში, სათაურით „Magnifica Humanitas“, ადამიანი აღწერილია როგორც „დიდებული“, მაგრამ ამავე დროს დეჰუმანიზაციის ახალი ფორმების შემქმნელი. პაპი გვაფრთხილებს „ციფრული ბაბილონის“ რისკის შესახებ, სადაც ადამიანები და ჭეშმარიტება მონაცემებად და ეფექტურობის კოეფიციენტებად იქცევიან. განსხვავებით ბირთვული იარაღისგან, რომელსაც სახელმწიფოები აკონტროლებდნენ, AI კერძო კომპანიების ხელშია.

პრეზენტაციაზე კრისტოფერ ოლამ აღიარა, რომ ეთიკაზე ორიენტირებული კომპანიებიც კი მოქცეულნი არიან ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კონკურენციის წნეხის ქვეშ. შესაბამისად, AI-ის რეგულირება მხოლოდ ტექნოლოგიურ გიგანტებს არ უნდა მიენდოთ. ვატიკანისა და სფეროს ექსპერტების საერთო შიშია, რომ „21-ე საუკუნის ჰიროსიმა“ არა ერთჯერადი კატასტროფა, არამედ საზოგადოების ნელი ავტომატიზაცია იქნება, სადაც ადამიანი აზროვნებასა და გადაწყვეტილებების მიღებას მანქანებს გადააბარებს.

წყარო: wired.com