რას გვეუბნება ClickUp-ის მასობრივი შემცირება მუშაობის მომავალზე?

AI-ის აქტიური მხარდამჭერები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ ეს ტექნოლოგია პროდუქტიულობის უპრეცედენტო ზრდას გამოიწვევს. ბოლო მოვლენები კი აჩვენებს, რომ ეს ცვლილება უკვე კარსაა მომდგარი.

კოლაბორაციული პროგრამული უზრუნველყოფის startup-ის, ClickUp-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, Zeb Evans-მა განაცხადა, რომ კომპანიამ, რომლის ღირებულებაც 2021 წელს 4 მილიარდ დოლარად შეფასდა, თანამშრომლების 22% შეამცირა. თუმცა, ეს ნაბიჯი არა ხარჯების დაზოგვით, არამედ AI-ის რადიკალური დანერგვით ახსნა.

„ამ ცვლილებით მიღებული დანაზოგის უდიდესი ნაწილი დარჩენილ გუნდზე გადანაწილდება. ჩვენ შემოვიღებთ მილიონ დოლარიან სახელფასო ლიმიტებს. თუ AI-ის დახმარებით განსაკუთრებულ შედეგებს აჩვენებთ, თქვენი ანაზღაურება სტანდარტულ ჩარჩოებს გასცდება“, - განაცხადა Evans-მა.

გავრცელებული ინფორმაციით, ClickUp-მა კომპანიის შიგნით 3,000-მდე AI აგენტი დანერგა სხვადასხვა კომპლექსური დავალების შესასრულებლად. ახლა თანამშრომლებს თავად სამუშაოს შესრულება კი არა, ამ აგენტების მართვა და შედეგების კონტროლი მოეთხოვებათ. მიზანი ClickUp-ის „100x ორგანიზაციად“ ქცევაა.

Gartner-ის ბოლო კვლევის თანახმად, ავტონომიური ტექნოლოგიების გამომყენებელი კომპანიების 80%-მა შეამცირა შტატი, თუმცა ეს ყოველთვის არ აისახება ფინანსურ მოგებაზე. მიუხედავად ამისა, ClickUp-ი ამტკიცებს, რომ მათი AI პროდუქტიულობა რეალურია და მალე ამავე ტექნოლოგიას მომხმარებლებისთვის განკუთვნილ პროდუქტშიც ჩააშენებენ.

ტექნოლოგიურ წრეებში დიდი ხანია საუბრობენ მინიმალური გუნდით მაქსიმალური ეფექტურობის მიღწევაზე. ამის მაგალითია startup-ი Polsia, რომელსაც მხოლოდ ერთი ადამიანი – დამფუძნებელი მართავს, და რომელმაც ახლახან 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა 250-მილიონიანი შეფასებით.

წყარო: techcrunch.com