
აშშ-ის უდიდეს ელექტროქსელში, PJM Interconnection-ში, ფასები გასული წლის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა. დამოუკიდებელი მარკეტ-მონიტორის, Monitoring Analytics-ის ანგარიშის მიხედვით, მთავარი მიზეზი მონაცემთა ცენტრებია (data centers).
ერთი მეგავატ-საათი ელექტროენერგიის საბითუმო ფასი 77.78 დოლარიდან 136.53 დოლარამდე გაიზარდა. პირველად ამის შესახებ Crain’s Chicago Business-მა დაწერა. Monitoring Analytics-ის განცხადებით, PJM-მა ვერ შეძლო მზარდი მოთხოვნის ადეკვატურად მართვა. "მომხმარებლებზე ფასების გავლენა ძალიან დიდი და შეუქცევადია. ეს გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება, თუ მონაცემთა ცენტრების დატვირთვასთან დაკავშირებული პრობლემები დროულად არ მოგვარდება," - ვკითხულობთ ანგარიშში.
PJM-ის მიმართ კრიტიკა საფუძვლიანია. 2022 წელს, როდესაც მონაცემთა ცენტრების მშენებლობის ბუმი დაიწყო, ქსელის ოპერატორმა ახალი გენერაციის წყაროების აპლიკაციების მიღება შეაჩერა. ამასობაში, AI-ზე დაფუძნებულმა ეკონომიკამ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა. აშშ-ის ენერგოქსელი უბრალოდ არ იყო მზად მსგავსი დატვირთვისთვის.
Monitoring Analytics პირდაპირ აცხადებს, რომ მონაცემთა ცენტრების მზარდი მოთხოვნის გარეშე, ბაზარზე ასეთი მაღალი ფასები და დეფიციტი არ იარსებებდა. ორგანიზაცია აკრიტიკებს PJM-ს გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამჭვირვალობის ნაკლებობისა და აუცილებელი პროგრამული განახლებების შეფერხების გამო.
სიტუაციას ართულებს ისიც, რომ PJM-ის მიერ შეთავაზებული გამოსავლის გზები მიუღებელი აღმოჩნდა რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი კომუნალური კომპანიისთვის - AEP-ისთვის, რომელიც ქსელის დატოვებით დაიმუქრა. მონიტორინგის ჯგუფის დასკვნით, PJM-ის ბაზრის ძირითადი დიზაინი მყარია, პრობლემა კი ოპერატორის მიერ კრიზისის არასწორ მართვაშია. გამოსავალი იწყება იმის აღიარებით, რომ მიმდინარე პრობლემების მთავარი წყარო სწორედ მონაცემთა ცენტრების გადაჭარბებული დატვირთვაა.
წყარო: techcrunch.com







