
პრეზიდენტმა ტრამპმა და აშშ-ის ოფიციალური პირების დელეგაციამ პეკინი პარასკევს დატოვეს, პრეზიდენტ სი ძინპინის ხელმძღვანელობით ჩინეთის მთავრობასთან ორდღიანი მაღალი დონის მოლაპარაკებების შემდეგ.
Air Force One-ში ჩასხდომამდე, თეთრი სახლის თანამშრომლებსა და რეპორტიორებს მოუწიათ მოგზაურობის დროს შეგროვებული სხვადასხვა ნივთის დატოვება. მათ შორის იყო ერთჯერადი ტელეფონები (burner phones), აკრედიტაციის ბეჯები და ჩინეთის მიერ გაცემული სამკერდე ნიშნები. თეთრი სახლის პრესპულის ჟურნალისტის თქმით, დელეგაციის წევრებმა ეს ნივთები თვითმფრინავის კიბის ბოლოში განთავსებულ სპეციალურ ურნაში გადაყარეს.
„ჩინეთიდან წამოღებული არცერთი ნივთის ატანა არ არის ნებადართული თვითმფრინავში,“ - დაწერა X-ზე New York Post-ის თეთრი სახლის კორესპონდენტმა, ემილი გუდინმა.
მოგზაურობის ამსახველ ფოტოებზე ჩანს, რომ აშშ-ის მთავრობის დელეგაციის რამდენიმე წევრი, მათ შორის ტრამპი, თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორი სტივენ ჩუნგი, Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი, Nvidia-ს ჯენსენ ჰუანგი და საიდუმლო სამსახურის აგენტები, ქურთუკებზე ჩინურ სამკერდე ნიშნებს ატარებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების მიზნები აშკარაა, ოფიციალური განმარტება ნივთების განადგურებაზე არ გაკეთებულა. სამიტი მეგობრულ ვითარებაში წარიმართა, თუმცა ჩინეთი აშშ-ის მთავარ კონკურენტად რჩება მისი მოწინავე სადაზვერვო და ჯაშუშური შესაძლებლობების გათვალისწინებით. აშშ და მისი მოკავშირეები პეკინს კიბერთავდასხმებსა და ჯაშუშობაში დიდი ხანია ადანაშაულებენ.
სრულიად ლოგიკურია ვარაუდი, რომ ნაჩუქარ ნივთებში შესაძლოა მოსასმენი აპარატურა ყოფილიყო დამონტაჟებული. რაც შეეხება ერთჯერად ტელეფონებს, ისინი სპეციალურად ისეთი გარემოსთვის არის შექმნილი, სადაც კიბერშეტევის მაღალი რისკია და გამოყენების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს.
წყარო: techcrunch.com







