Toyota-ს Woven Capital-მა მობილობის მომავლის საძიებლად ახალი CIO და COO დანიშნა

მიჩიკო კატო (Michiko Kato) ოფიციალურად შეუდგა თავის უდიდეს გამოწვევას — ის Toyota-ს Woven Capital-ის ახალი CIO და Toyota Invention Partners-ის CEO გახდა. ამ უკანასკნელი დანიშვნით ის პირველი ქალი CEO-ა Toyota-ს სრულ მფლობელობაში მყოფ შვილობილ კომპანიაში.

Woven Capital არის Toyota-ს ზრდის სტადიაზე მყოფი venture capital ფონდი, რომელიც ორიენტირებულია მობილობის სფეროში (მათ შორის კოსმოსი, კიბერუსაფრთხოება და ავტონომიური მართვა) მოღვაწე დამფუძნებლების მხარდაჭერაზე. ფონდმა გასული წლის აგვისტოში $800 მილიონიანი Fund II დააანონსა და გეგმავს სულ მცირე 20 ახალი Series B ინვესტიციის განხორციელებას. მის პორტფელში შედიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა Xona და Machina Labs.

როგორც კატო აღნიშნავს, ფონდი ეძებს „მობილობის მომავალ ლიდერებს“ და მიზნად ისახავს ისეთი კომპანიების შერჩევას, რომლებიც Toyota-სთან ითანამშრომლებენ. „ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ წამყვანი ინვესტორები, გავაკეთოთ მცირე ან აგრესიული ინვესტიციები. ვცდილობთ ვიყოთ მოქნილები და startup-ებისთვის მაქსიმალური ღირებულება შევქმნათ“, — დასძენს ის.

კატოსთან ერთად, Woven Capital-ის COO-ს პოზიცია მია პანცერმა (Mia Panzer) დაიკავა. ეს იმას ნიშნავს, რომ CVC (Corporate VC) ფონდის ორ წამყვან პოზიციას ქალები დაიკავებენ, რაც ფინანსებისა და ინვესტიციების ტრადიციულად მამაკაცებით დომინირებულ სფეროში პოზიტიურ ცვლილებებზე მიუთითებს.

კატო ფონდს 2020 წელს შეუერთდა. მას ინვესტირების მიმართულებით 15-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის მუშაობდა Unison Capital-ის M&A გუნდში და იაპონური AI startup-ის, ABEJA-ს CFO-დ. Woven-ში მოსვლის შემდეგ მან უხელმძღვანელა ინვესტიციებს ისეთ კომპანიებში, როგორიცაა Stoke და Nuro. ის განსაკუთრებულ პოტენციალს ხედავს აერომობილობაში, ფიზიკურ AI-სა და hardware-ში.

პანცერი ახლად შექმნილ COO-ს პოზიციაზე ფინანსებს, ოპერაციებს, HR-სა და იურიდიულ სტრატეგიას უხელმძღვანელებს. ის წლების განმავლობაში თანამშრომლობდა Woven Capital-ის მმართველ დირექტორთან, რო გუპტასთან (Ro Gupta) startup-ში Carmera, რომელიც მოგვიანებით Toyota-მ შეისყიდა. პანცერი აღნიშნავს, რომ CVC-ის მთავარი გამოწვევა კორპორატიული პროცესების შენელება და მშობელ კომპანიასთან აცდენაა, რისი მართვაც ახლა მისი უშუალო მოვალეობა იქნება.

პანცერის თქმით, კარიერის განმავლობაში არაერთი სტერეოტიპის გადალახვა მოუწია, თუმცა იაპონური კონცეფცია „იკიგაი“ (ikigai) დაეხმარა, ფოკუსირებულიყო იმაზე, რაც უყვარს, რაშიც ძლიერია და რაც სამყაროს სჭირდება.

წყარო: techcrunch.com