Palantir-ის კონტრაქტები „მიუღებელ სუსტ წერტილად“ იქცა, აფრთხილებენ დიდი ბრიტანეთის პოლიტიკოსები

დიდი ბრიტანეთის ორპარტიული პოლიტიკოსების ჯგუფი განგაშს ტეხს მონაცემთა ანალიტიკურ გიგანტთან, Palantir-თან, ქვეყნის პარტნიორობის გამო.

საპარლამენტო კომიტეტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყნის მზარდი დამოკიდებულება Palantir-ის ტექნოლოგიაზე „წარმოადგენს მიუღებელ სუსტ წერტილს“, რამაც შესაძლოა კომპანიას მომავალ მოლაპარაკებებში გადამწყვეტი უპირატესობა მიანიჭოს. კომიტეტის თავმჯდომარე, დეიმ ჩი ონვურა აცხადებს, რომ მომწოდებელზე დამოკიდებულება (vendor lock-in) დროთა განმავლობაში უფრო ძვირ და უხარისხო სერვისებს გამოიწვევს: „ეს არის ხაფანგი, რომელსაც თავი უნდა ავარიდოთ“.

კომიტეტის განცხადებით, Palantir-თან დაკავშირებული პრობლემები არა მხოლოდ ეკონომიკურია, არამედ არსებობს „აშკარა შეუსაბამობა გაერთიანებული სამეფოს ღირებულებებთან“. ანგარიშში მოყვანილია Palantir-ის თანადამფუძნებლის, Peter Thiel-ის პოლიტიკურად დამუხტული კომენტარები და კომპანიის CEO-ს, Alex Karp-ის მანიფესტი, რომელიც აშშ-ის ინტერესებისადმი აბსოლუტურ ერთგულებას მოითხოვს. რისკების შესამცირებლად, კომიტეტი რეკომენდაციას უწევს National Health Service-ს (NHS), გაააქტიუროს ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის პუნქტი.

ბრიტანეთის მთავრობამ Palantir-ის ტექნოლოგიების გამოყენება 2020 წელს, პანდემიის დროს დაიწყო. მას შემდეგ კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა NHS-სა და თავდაცვის სამინისტროსთან 750 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები გააფორმეს. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში Microsoft-ზე, Amazon Web Services-სა და Fujitsu-ზე დამოკიდებულებასაც ეხება, კომიტეტის თქმით, „Palantir ყველაზე მეტად გვაშფოთებს“.

კომპანიის ევროპული მიმართულების ხელმძღვანელი, Louis Mosley, ცდილობს კომპანია დააშოროს პოლიტიკურ განცხადებებს და აღნიშნავს, რომ Palantir-ის მიზანი დემოკრატიულად არჩეული მთავრობების მხარდაჭერაა. თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სენსიტიური მონაცემების მქონე სახელმწიფო უწყებებისთვის უსაფრთხოების რისკები მაინც მაღალი რჩება.

წყარო: wired.com