
აშშ-ის სასამართლომ ლატვიელ ჰაკერს, Deniss Zolotarjovs-ს, რვა წელზე მეტით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ransomware თავდასხმების განხორციელებისთვის.
იუსტიციის დეპარტამენტმა (DOJ) ჰაკერს ბრალი დასდო რუსულ ransomware დაჯგუფება Karakurt-თან თანამშრომლობაში. აღსანიშნავია, რომ დაჯგუფებას Akira-სა და Conti-ს ყოფილი ლიდერები ხელმძღვანელობდნენ, რომელთაც აშშ-ის ხაზინამ სანქციები დაუწესა რუსულ დაზვერვასთან სავარაუდო კავშირების გამო.
პროკურორების განცხადებით, Karakurt-ის წევრების სამიზნეს აშშ-ის სამთავრობო უწყებები წარმოადგენდა. თავდასხმებმა შეაფერხა 911-ის გადაუდებელი დახმარების სისტემები და მოიპარა ბავშვთა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია. Zolotarjovs პასუხისმგებელი იყო მსხვერპლებზე ზეწოლის გაძლიერებაზე, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ დაჯგუფების მოთხოვნებს გამოსასყიდის გადახდაზე.
აშშ-ის პროკურორებმა ხაზი გაუსვეს, რომ ransomware დაჯგუფება აქტიურად ეყრდნობოდა რუსეთის მთავრობის მონაცემთა ბაზებზე წვდომასა და სამართალდამცავებთან კავშირებს მსხვერპლების დასაშინებლად. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს კიბერდამნაშავეებსა და რუსეთის სახელმწიფოს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებს.
კიბერუსაფრთხოების მკვლევარები დიდი ხანია ადანაშაულებენ რუსეთის მთავრობას მავნე ჰაკერებისა და ransomware დაჯგუფებების მფარველობაში. ბოლო წლებში აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთი კიბერდამნაშავეებისთვის "უსაფრთხო თავშესაფრად" იქცა. DOJ-ის თანახმად, Karakurt აქტიურად აფინანსებდა კორუფციას რუსეთის მთავრობაში — ისინი რეგულარულად იხდიდნენ ქრთამს, რათა წევრებს თავი აერიდებინათ სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის და სახელმწიფო გადასახადებისთვის.
გამოძიების ინფორმაციით, Karakurt-მა ჯამში 54-ზე მეტ კომპანიას შეუტია, მსხვერპლებმა კი გამოსასყიდის სახით მინიმუმ 15 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადეს. ამჟამად Karakurt აქტიური აღარ ჩანს, რადგან ხშირად ასეთი ოპერაციები სანქციებისგან თავის არიდების მიზნით სახელებსა და მფლობელებს იცვლიან.
Zolotarjovs 2023 წელს საქართველოში დააკავეს, ხოლო 2024 წლის აგვისტოში აშშ-ში მისი ექსტრადირება განხორციელდა. მოგვიანებით მან დანაშაული აღიარა.
წყარო: techcrunch.com







