
როდესაც Nvidia-ს გენერალური დირექტორი ჯენსენ ჰუანგი (Jensen Huang) ორშაბათს თავის ყოველწლიურ GTC პრეზენტაციაზე გამოვიდა, 4-ტრილიონიანი კომპანიის აქციებმა ვარდნა დაიწყო.
როგორც ჩანს, Wall Street-ის ინვესტორებზე ტყავის ქურთუკში გამოწყობილი დამფუძნებლის 2.5-საათიანმა ოპტიმისტურმა გამოსვლამ ვერ იმოქმედა. მათ უფრო მეტი ყურადღება AI-ის ბუნდოვან მომავალსა და ბუშტის შიშს დაუთმეს. Wall Street-ის ნერვიულობა რადიკალურად განსხვავდება Silicon Valley-ში არსებული აჟიოტაჟისგან, სადაც არა გაურკვევლობა, არამედ თავდაჯერებულობა სუფევს.
ჰუანგმა ორ საათზე მეტხანს ისაუბრა კომპანიის უახლეს ინოვაციებზე, ახალი ვიდეოთამაშების გრაფიკის ტექნოლოგიებიდან და განახლებული ქსელური ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, ავტონომიური მანქანების გარიგებებითა და Groq-თან ერთად შექმნილი ახალი ჩიპით დამთავრებული, რომელიც Vera Rubin სისტემაში AI-ის დაჩქარებისთვისაა შექმნილი. მან ასევე დაასახელა შთამბეჭდავი ციფრები Nvidia-ს ბიზნესსა და სამომავლო პერსპექტივებზე. AI აგენტების ეკოსისტემა მან $35-ტრილიონიან ბაზრად შეაფასა, ხოლო ფიზიკური AI-ისა და რობოტიკის ინდუსტრია — $50-ტრილიონიანად.
ჰუანგის მოლოდინით, 2027 წლის ბოლოსთვის კომპანიის Blackwell-ისა და Vera Rubin-ის ჩიპებზე — რაც Nvidia-ს მრავალი პროდუქტიდან მხოლოდ ორია — $1 ტრილიონის ღირებულების შეკვეთებს მიიღებენ.
განა ამან ინვესტორები არ უნდა აღაფრთოვანოს? ის, რომ ასე არ არის, სულაც არ არის გასაკვირი, - განუცხადა TechCrunch-ს Futurum-ის გენერალურმა დირექტორმა დენიელ ნიუმანმა.
ახალი, დიდი გაურკვევლობა
„[AI] იმდენად კარგი, ტრანსფორმაციული და სწრაფია, რომ რეალურად არ გვესმის, რას ნიშნავს ის სოციალური კონსტრუქტებისთვის“, - აღნიშნა ნიუმანმა. „ბაზრებს სძულთ გაურკვევლობა. ინოვაციის სისწრაფემ შექმნა ახალი, დიდი გაურკვევლობა, რომელსაც, ჩემი აზრით, ადამიანების უმეტესობა არასდროს მოელოდა.“
„კორპორატიული AI-ის დანერგვა ძალიან მალე მიაღწევს გარდამტეხ მომენტს და მასშტაბებს“, - დასძინა ნიუმანმა. „როდესაც ამბობენ, რომ ეს ასე არ არის, რეალურად გულისხმობენ იმას, რომ ინვესტიციის უკუგება (ROI) ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის განსაზღვრული და კომპანიები ეყრდნობიან კვლევებს, რომლებიც 6 თვის წინანდელ მონაცემებს შეიცავს.“
ეს მოსაზრება წონას იძენს, თუ Nvidia-ს წინა კვარტლების ფინანსურ მონაცემებს შევხედავთ. მართალია, კომპანიები ჯერ ხმამაღლა არ საუბრობენ თავიანთ AI ROI-ზე, მაგრამ ისინი სულ უფრო მეტად ყიდულობენ Nvidia-ს ტექნოლოგიებს. კომპანიის შემოსავალი გასულ კვარტალში წლიურად 73%-ით გაიზარდა და მოლოდინებს გადააჭარბა.
არ არსებობს იმის ნიშანი, რომ ეს ტენდენცია მალე შეიცვლება. მაგალითად, Reuters-ის ცნობით, მიმდინარე კვირაში Nvidia-მ დაადასტურა, რომ Amazon-მა შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც 2027 წლის ბოლომდე AWS-ისთვის 1 მილიონ GPU-სა და სხვა AI ინფრასტრუქტურას შეიძენს.
Zacks Investment Research-ის სტრატეგმა, კევინ კუკმა აღნიშნა, რომ ინვესტორების უკმაყოფილება არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მთელი საფონდო ბაზარი Nvidia-ზე დგას, რადგან მისი ტექნოლოგია უამრავი ბიზნესის საფუძველს წარმოადგენს.
„ეკონომიკა პრაქტიკულად Nvidia-ს გარშემო ბრუნავს“, - თქვა კუკმა. „ის აშენებს ამ აუცილებელ ინფრასტრუქტურას.“
ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ AI ბუშტი არ არსებობს ან მომავალში არ გაჩნდება. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ GTC კონფერენციამ Nvidia-ს აქციებზე დადებითად არ იმოქმედა, ზოგადი გაურკვევლობა კომპანიის პრობლემად არ მიიჩნევა. Nvidia მთელი სისწრაფით მიიწევს წინ და გლობალური ეკონომიკაც მას მიჰყვება.
„Nvidia, როგორც იცით, პლატფორმული კომპანიაა“, - თქვა ჰუანგმა თავის GTC პრეზენტაციაზე. „ჩვენ გვაქვს ტექნოლოგია. გვაქვს ჩვენი პლატფორმები. გვაქვს მდიდარი ეკოსისტემა და დღეს აქ ალბათ $100 ტრილიონი დოლარის ინდუსტრიის 100% არის წარმოდგენილი.“
წყარო: techcrunch.com



