
Apple-მა MotionVFX შეისყიდა — კომპანია, რომელიც Apple-ის Final Cut Pro ვიდეო რედაქტირების პროგრამისთვის plug-in-ებს, შაბლონებსა და გაფართოებულ ფუნქციებს ქმნის. გარიგების ფინანსური დეტალები უცნობია.
„მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ MotionVFX უერთდება Apple-ის გუნდს, რათა განაგრძოს კრეატორებისა და რედაქტორების მხარდაჭერა საუკეთესო სამუშაოს შესასრულებლად“, — აღნიშნულია MotionVFX-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. „15 წელზე მეტია, ჩვენი მისიაა შევქმნათ მსოფლიო დონის, ვიზუალურად შთამაგონებელი კონტენტი და ეფექტები ვიდეო რედაქტორებისთვის. თავიდანვე ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ხარისხი, გამოყენების სიმარტივე და საუკეთესო დიზაინი იყო. სწორედ ამ ღირებულებებს ვაფასებთ ყველაზე მეტად Apple-ის პროდუქტებში და გვიხარია, რომ ახლა მათი ერთობლივად განვითარების შესაძლებლობა გვეძლევა.“
Apple, რომელიც იშვიათად ასაჯაროებს თავის შენაძენებს, TechCrunch-ის კომენტარის მოთხოვნას არ გამოეხმაურა.
MotionVFX, რომელიც 2009 წელს ვარშავაში დაარსდა, მომხმარებლებს პროფესიონალური ვიდეო რედაქტირების ინსტრუმენტებზე, გრაფიკასა და შაბლონებზე წვდომას სთავაზობს subscription პაკეტების სახით, რომელთა ფასიც თვეში 29 დოლარიდან იწყება. კომპანიის შესყიდვის შემდეგ, სავარაუდოდ, MotionVFX-ის ინსტრუმენტები ტექნოლოგიური გიგანტის სერვისებში ინტეგრირდება.
გარდა ამისა, ეს ნაბიჯი Apple-ს დაეხმარება უკეთ გაუწიოს კონკურენცია Adobe Premiere Pro-სა და მთლიანად Adobe Creative Cloud-ის ეკოსისტემას.
იანვარში Apple-მა Creator Studio გამოუშვა — subscription პაკეტი, რომელიც მომხმარებლებს 6 კრეატიულ აპლიკაციაზე და iWork-ის პრემიუმ კონტენტზე აძლევს წვდომას. პაკეტის ღირებულება თვეში 12.99 დოლარი ან წელიწადში 129 დოლარია და მოიცავს Final Cut Pro, Logic Pro და Pixelmator Pro აპლიკაციებს Mac-სა და iPad-ზე, ასევე Motion, Compressor და MainStage-ს Mac-ისთვის. ის ასევე მოიცავს პრემიუმ კონტენტს Keynote, Pages და Numbers-ისთვის.
MotionVFX-ის შესყიდვით, Apple ცდილობს მეტი გამომწერი მოიზიდოს თავისი Creator Studio პაკეტისთვის.
Apple-ის სერვისების მიმართულება ბოლო წლებში კომპანიის ზრდის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. გასულ ფისკალურ წელს, ამ სეგმენტმა შემოსავლების 26%-ზე მეტი შეადგინა, რაც 2015 წლის 8.5%-იან მაჩვენებელთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა.
წყარო: techcrunch.com



