იცოდი, რომ 21 მილიონიდან 4 მილიონი ბიტკოინი სამუდამოდ დაკარგულია? და ის თუ იცოდი, რომ 2012 წლიდან მოყოლებული 50-ზე მეტი ბირჟა დაიჰაკა, რაც დაახლოებით 3 მილიარდის ზარალს ნიშნავს?
თუ არ გინდა რომ შენ შემდეგი იყო, აუცილებელია გამოიჩინო სიფრთხილე და მაღალი პასუხისმგებლობით მოეპყრო შენს ციფრულ აქტივებს.
როგორ შევამციროთ კრიპტოვალუტების დაკარგვის შანსი მინიმუმამდე? მარტივად, შემდეგი 3 ნაბიჯით:
- შეინახე კრიპტოვალუტები საიმედო საფულეში;
- კარგად დამალე მნემონიკური ფრაზების ასლები რამდენიმე ადგილას;
- დაიცავი და არ დაივიწყო ადგილები სადაც შეინახე მნემონიკური ფრაზები.
გახსოვდეს! თუ შენი კრიპტოს გასაღებს შენ არ ფლობ, ის ნამდვილად შენი არ არის.
რას ნიშნავს ეს? აქტივები, რომელიც კრიპტო ბირჟაზე გაქვს დატოვებული რეალურად შენი არ არის – შენ მათ მხოლოდ პირობითად ფლობ, იმის იმედით რომ ბირჟა სწორად მოუვლის მას და როდესაც მოითხოვ გამოტანას ბირჟა უარს არ გეტყვის.
რატომ უნდა გითხრას ბირჟამ უარი საკუთარი კრიპტოს გამოტანაზე? იმიტომ, რომ ხელშეკრულების თანახმად ეს კრიპტო შენი არ არის. ბირჟას შეუძლია გამოიყენოს აქტივები როგორც უნდა, და იმ შემთხვაში თუ ეს ფული დაკარგება ჰაკის თუ არასწორი ფინანსური სტრატეგიის გამო, ისინი არ არიან ვალდებულნი ზარალი აგინაზღაურონ.
პ.ს. თუ გაინტერესებს რომელი ბირჟაა საუკეთესო კრიპტოვალუტების საყიდლად განაგრძე კითხვა აქ, ან სწრაფად შეარჩიე საუკეთესო კრიპტო ბირჟები აქ.
მაშ ასე, ციფრული აქტივების დაკარგვისგან თავის არიდების პირველი ნაბიჯი კრიპტოვალუტების ბირჟიდან გამოტანაა. მაგრამ, სად უნდა წაიღო ისინი? შენს საკუთარ საფულეში, რომლის Private Key-სთან წვდომა გაქვს მხოლოდ და მხოლოდ შენ. ამით ზემოთ მოყვანილ რისკებს აარიდებ თავს, მაგრამ გაფრთხილებ – ციფრული აქტივების მოვლა-პატრონობა დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან თუ რამე შეგეშალა ვერავინ დაგეხმარება დაკარგული კრიპტოს აღდგენაში.
ნაბიჯი 1. კრიპტო საფულის არჩევა
ციფრული აქტივების, ანუ კრიპტოვალუტების საფულე არის პროგრამა რომელიც საიმედოდ ინახავს გასაღებებს (public key, private key), და საშუალებას გაძლევს განახორციელო ტრანზაქციები – კრიპტოს მიღება, გადარიცხვა და სხვა.
არსებობს კრიპტო საფულეების 2 ტიპი: ცხელი (hot) და ცივი (cold). ნახე რა განასხვავებს ცივ და ცხელ საფულეებს ერთმანეთისგან ქვემოთ მოცემულ ცხრილში.
საფულის ტიპი | ცხელი საფულე (Hot Wallet) | ცივი საფულე (Cold Wallet) |
როგორ მუშაობს | აპლიკაცია, რომელიც ინახავს გასაღებს შენს სმარტფონში ან კომპიუტერში | მოწყობილობა, რომელიც ინახავს გასაღებს კავშირგარეთ, ოფლაინ |
დადებითი მხარე | მოხერხებული და მარტივი | ყველაზე უსაფრთხო |
უარყოფითი მხარე | დაჰაკვის მაღალი შანსი | ფასიანი; გამოყენების კომპლექსურობა |
ფასი | უფასო | $50-დან $150-მდე |
ცხელი საფულე
დამწყებებისთვის, და მათთვის ვინც მცირეოდენ კრიპტოს ფლობს, ცხელი საფულე საუკეთესოა. ცხელი საფულე ტელეფონის აპლიკაცია ან კომპიუტერის პროგრამაა, რომლის გადმოწერა უფასოდ შეგიძლია. არსებობს ონლაინ საფულეებიც, რომლის თავიდან აცილებასაც გირჩევ.
ცხელი საფულეები ერთმანეთისგან ფუნქციებით, უსაფრთხოებითა და ინტერფეისით განსხვავდებიან. ზოგი საფულე მხოლოდ ერთი ვალუტისთვისაა შექმნილი, მაგალითად ელექტრუმი ბიტკოინისთვის. ზოგიერთი კი მულტისავალუტოა – ექსოდუსი, რომელსაც 200-ზე მეტი კრიპტო აქტივის მხარჭერა აქვს. ყველა საფულე განსხვავდება უსაფრთხოებისა და სანდოობის დონით. მიუხედავად იმისა, რომ ცხელი საფულე ვერ იქნება ცივი საფულესავით უსაფრთხო, არსებობენ გამონაკლისები, რომლებიც საკმაოდ კომპლექსურად იცავენ კრიპტოს. ამის მაგალითია ბლოქსთრიმის მწვანე საფულე, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი უსაფრთხოების სისტემით. და ბოლოს, მულტიფუნქციური ცხელი საფულეები, რომლებიც გთავაზობენ უფრო მეტს ვიდრე კრიპტოს მიღებასა და გაგზავნას. ასეთი საფულეები გაცილებით მაღალი რისკის მატარებლები არიან. ეს იმიტომ, რომ რაც უფრო რთული და გრძელია პროგრამის კოდი, მით უფრო მაღალია შანსი, რომ დეველოპერებმა დაუშვან შეცდომა და ჰაკერებმა ამით ბოროტად ისარგებლონ.
Muun Wallet
🏆 საუკეთესო საფულე დამწყებთათვის + საუკეთესო ბიტკოინ Lightning Network საფულე
Blockstream Green Wallet
🏆 ბიტკოინის ცხელი საფულე ყველაზე კომპლექსური უსაფრთხოების სისტემით
ცივი საფულე
ცივი საფულე მცირე ზომის ფიზიკური მოწყობილობაა, რომელშიც უსაფრთხოდ ინახება გასაღებები. პ.ს. საფულეში კრიპტოვალუტები არ ინახება, არამედ ინახება გასაღებები, რომლითაც ადასტურებ ტრანზაქციებს.
განსხვავება ცივსა და ცხელ საფულის შორის ის არის, რომ გასაღები ინახება კავშირგარეთ, ანუ ოფლაინში. ეს კი იმას ნიშნავს რომ, ჰაკერები შენს კრიპტოზე წვდომას ვერ მოიპოვებენ ინტერნეტის საშუალებით. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვერავინ შეძლებს შენს მოტყუებას – არსებობს თაღლითობის სხვა გზებიც. მოკლედ რომ ვთქვა, ცივი საფულე და ყურადღებით ყოფნა ბევრ თაღლითობას აგარიდებს თავს. სწორედ ამიტომ კურატორი გირჩევს შეიძინო ცივი საფულე თუ კრიპტოვალუტებში მნიშვნელოვანი თანხის ინვესტიციას აპირებ.
ცივი საფულის უარყოფითი მხარე ის არის, რომ ცხელ საფულესთან შედარებით რთული მოსახმარია. გამოყენებისას გჭირდება მოწყობილობის კომპიუტერთან კაბელით ან ბლუთუზით დაკავშირება და პინ კოდის შეყვანა მცირე ზომის ღილაკებით.
ბაზარზე მრავალი ცივი საფულე არსებობს, მათ შორისაა Ledger, Trezor, KeepKey, CoolWallet და სხვა.
ნაბიჯი 2. მნემონიკური ფრაზის შენახვა
მას შემდეგ რაც დააინსტალირებ საფულეს შენს მოწყობილებაზე, იქნება ეს სმარტფონი თუ კომპიუტერი, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი მნემონიკური ფრაზის სწორად შენახვაა.
18 სიტყვიანი მნემონიკური ფრაზა გამოიყურება შემდეგნაირად: panel board source victory exhibit arena west write stick bullet hole fortune skate trash tissue kitten summer matrix
გაითვალისწინე შემდეგი რჩევები:
- არ ჩაიწერო ფრაზა კომპიუტერში, სმარტფონში, ან ნებისმიერ სხვა ონლაინ მოწყობილობაში.
- შექმენი ფურცელზე ხელით ჩამოწერილი მნემონიკური ფრაზის რამდენიმე ასლი.
- შეინახე ასლები სხვადასხვა ადგილას, ერთმანეთისგან მოშორებით.
- კარგად დაიმახსოვრე ადგილები სადაც დამალე ასლები.
- უზრუნველყავი ასლების უსაფრთხოება და ხელმიუწვდომლობა.
რა არის მნემონიკური ფრაზა და რატომ უნდა შეინახო ის საიმედოდ? მნემონიკური ფრაზა (mnemonic phrase) რამდენიმე სიტყვის კომბინაციაა, რომლის მიხედვითაც იქმნება გასაღები, რომელიც საჭიროა კრიპტოვალუტების ტრანზაქციების განსახორციელებლად.
ნაბიჯი 3. მნემონიკური ფრაზის დაცვა
იმ შემთხვევაში თუ საფულეზე წვდომას დაკარგავ, წვდომის არდგენის ერთადერთი გზა მნემონიკური ფრაზის გამოყენებაა. მოკლედ რომ ვთქვათ, კარგავ ფრაზას – კარგავ ქონებას. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია კარგად დამალო ფრაზები და არ დაივიწყო მათი ადგილმდებარეობა.
არსებობს ფრაზის დაცვის რამდენიმე გზა რომელიც შეგიძლია გამოიყენო. ყველაზე კარგი გზა ის არის რომელიც მხოლოდ შენ იცი და არავინ იცის შენს გარშემო როგორ ინახავ მას. მაგალითისთვის, ფრაზის დაცვის ერთ-ერთი გზაა ფრაზის განაწილება Shamir Secret Sharing Scheme მეთოდით. მაგალითად, ეს ფრაზა “panel board source victory exhibit arena west write stick bullet hole fortune skate trash tissue kitten summer matrix” შეგიძლია გაყო სამად, ჩამოწერო სხვადასხვა ფურცელზე და შეინახო განსხვავებულ სამალავებში.
ნაწილი 1: panel board source victory exhibit arena
ნაწილი 2: west write stick bullet hole fortune
ნაწილი 3: skate trash tissue kitten summer matrix
დასკვნა
ციფრულ აქტივებში ინვესტიცია დიდი პასუხისმგებლობაა. მათი არასწორი განკარგვისას სრულიად შესაძლებელია დაკარგო ქონება, ბირჟის ან საფულის დაჰაკვის, თაღლითობის, ან სამალავი ადგილის დავიწყების შემთხვევაში. გაითვალისწინე შემდეგი 3 ნაბიჯი უსაფრთხოების მაქსიმიზაციისათვის:
- შეინახე კრიპტოვალუტები საიმედოდ, უსაფრთხო საფულეში;
- შექმენი და კარგად დამალე მნემონიკური ფრაზების ნაწილობრივი ასლები რამდენიმე ადგილას;
- არ დაივიწყო ფრაზების სამალავი ადგილი და მათი გამოყენების ინსტრუქცია.
თუ ამ სტატიით რამე ახალი ისწავლე გაუზიარე მეგობრებს ცოდნა სოციალურ ქსელებში!